აშშ–ის ელჩი: "რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის შეთანხმებით აღებული ვალდებულება"
07/07/2020 14:01:38 პოლიტიკა
აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა შიდა ქართლში ვიზიტისას რუსეთის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის შესახებ ისაუბრა.
„მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, ჩვენი მხარდაჭერა და ჩვენი ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და კვლავ შევახსენო რუსეთს, რომ მან უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების თანახმად აღებული ვალდებულება. უნდა მიეცეს შესაძლებლობა ადგილობრივ მოსახლეობას თავისუფლად მგზავრობის, ერთმანეთთან შეხვედრის, ოჯახების გაერთიანების, მეგობრობის გაერთიანების, ისე როგორც ეს იყო კონფლიქტამდე“, - განაცხადა ელჩმა.
ელჩი დაესწრო კასპის მუნიციპალიტეტში ახალი საწარმოს შენობის საძირკველში სიმბოლურად კაფსულის ჩაუშვების ცერემონიალს. პროექტის მხარდამჭერია „სტარტაპ საქართველო" და USAID, რომლის მიზანსაც ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში ეკონომიკურ ზრდა წარმოადგენს.
კელი დეგნანმა სოფელ ქვეშში საბავშვო ბაღი დაათვალიერა. მისი ახალი ფლიგელის რეაბილიტაცია USAID ZRDA პროექტის, ეუთო-სა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს თანამშრომლობის შედეგად მოხდა.


