მეცნიერები – იმ პაციენტებშიც კი, რომლებიც Covid–19–სგან განიკურნენ, ტვინის მძიმე დაზიანებები გამოვლინდა

08-07-2020 13:54:54 საზოგადოება

იმ პაციენტებშიც კი, რომლებიც Covid–19–სგან განიკურნენ ან დაავადების მსუბუქი ფორმები აღენიშნებოდათ, ტვინის მძიმე დაზიანებები გამოვლინდა, – ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანელი მეცნიერების ანგარიშში, რომელიც დღეს ჟურნალ "Brain"–ში გამოქვეყნდა.

ნევროლოგების თქმით, ქვეყნის მასშტაბით შეისწავლეს 40 კოვიდ–ინფიცირებული პაციენტი, რომელთაც გამოუვლინდათ ტვინის გართულებები, მათ შორის – თავის ტვინის ანთება, დელიმიუმი და ინსულტი.

10 პაციენტს ცენტრალური ნერვული სისტემის ანთება გამოუვლინდა, 10 პაციენტს – ტვინის დაავადება დელირიუმი ან ფსიქოზი, 8 პაციენტს – ინსულტი, დანარჩენს კი – გილინ-ბარის სინდრომი, რომელიც დამბლას იწვევს. 40 შემთხვევიდან 5% ფატალური შედეგით დასრულდა.

კვლევის შედეგების თანახმად, Covid-19–სგან განკურნებული პაციენტების ნაწილს სუნთქვის პრობლემები და დაღლილობის შეგრძნება, ზოგიერთს კი დაბუჟება, სისუსტე და მეხსიერების პრობლემები დიდი ხნის განმავლობაში დაუტოვა.

"ჩვენ ვხედავთ, რომ Covid-19 აზიანებს ტვინს ისე, რაც ადრე არც ერთი სხვა ვირუსის დროს არ გვინახავს”, - განაცხადა კვლევის ერთ–ერთმა ავტორმა University College London Hospitals NHS–ის მეცნიერმა მაიკლ ზანდიმ.

მისივე თქმით, რა გავლენას ახდენს Covid-19 ადამიანის ტვინზე, ამის სრულფასოვნად შესწავლა ჯერ–კიდევ ვერ ხერხდება, რადგან ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა უმეტესობა იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, მათ ტვინზე სრულყოფილი გამოკვლევა ვერ უტარდებათ.

"მაგალითად, ვერ ვიღებთ ტვინის სკანირებას და ვერ ვატარებთ კიდევ სხვა რიგ პროცედურებს, რაც საშუალებას მოგვცემდა, უკეთ შეგვესწავლა Covid-19–ის ზეგავლენა ადამიანის ტვინზე. ახლა რაც ნამდვილად გვჭირდება ამ საკითხის სრულფასოვნად შესწავლაა", – განაცხადა ზანდიმ.

როგორც კვლევის თანაავტორი University of Exeter Medical School–ის მეცნიერი დევიდ სტრეინი აღნიშნავს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანის ტვინზე Covid-19–ის ზეგავლენის სრულფასოვნად შესწავლა, რადგან პოსტკოვიდ პერიოდში რეაბილიტაციის პროგრამებისთვის მზად იყვნენ.

"სადღეისოდ ჩვენ ვხედავთ, რომ Covid-19–სგან განკურნებულ რიგ პაციენტებს შესაძლოა, ხანგრძლივი რეაბილიტაციის პერიოდი დასჭირდეთ. აქ ვგულისხმობ ორივეს – ფიზიკურ მაგალითად, როგორიცაა ვარჯიშები და ტვინის რეაბილიტაციას", – დასძინა მან.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 546 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 11 950 000–ს გადააჭარბა, 6 904 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 963-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 841 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.

იხილეთ ასევე: ცერცვაძემ COVID-19–ის შესახებ ქართული გამოცდილება შეაჯამა: „შესაძლოა, ვირუსი ორგანიზმში გართულებებს ტოვებდეს“

ახალი ამბები

სხვა სიახლეები