შაქარაშვილის საქმე: ადვოკატი ამბობს, რომ სამართალდამცველებმა შეცდომით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გადასცეს

09-07-2020 12:59:57 სამართალი

შაქარაშვილის საქმეზე ერთ–ერთი დაკავებულის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი ამბობს, რომ სამართალდამცველებმა მას საქმის მონაწილე ერთერთი პირის მეგობრის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები შემთხვევით, შეცდომით გადასცეს, შემდეგ კი ხელწერილის დაწერა მოსთხოვეს ამ მასალის გასაჯაროების თავიდან ასაცილებლად.

საუბარია 19 ივნისის ცნობილ წვეულებაზე. რაც შეეხება კადრებს, ადვოკატის თქმით, მათზე ასახულია დაბადების დღეზე მყოფი პირების პირადი ცხოვრება

„იყო ერთგვარი პორნოგრაფიული ხასიათის, რომელშიც ფიგურირებდა ახალგაზრდა გოგო, რომელიც იყო ერთ-ერთი მონაწილე პირის მეგობარი. ჩვენ გუშინ ღამის 11 საათზე, გასაუბრების მიზნით დაგვიკავშირდა პოლიცია. სამართალდამცავები ითხოვდნენ, რომ თითქოსდა დაცვის მხარეს გაფრთხილების ხელწერილი უნდა დაეწერა. მათ შორის გულისხმობდა ამ ინფორმაციის შენახვა-გავრცელებასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაფრთხილებასთან დაკავშირებით.

განვუმარტეთ, რომ ასეთი სახის გაფრთხილება არასწორი იყო - მათივე მოქმედებით მოხდა [მასალა] ჩვენს კომპიუტერში. განმარტება, რომ შენახვისთვის ადვოკატები პასუხს ვაგებდით სისხლის სამართლის წესით, იყო აბსურდი, ვინაიდან ეს მათ მიერ გადმოცემული მტკიცებულებები იყო ჩვენ გაფრთხილებებზე. არანაირ გაფრთხილებას ხელი არ მოვაწერეთ და უკვე ჩვენ მოვითხოვეთ მათ მიერ გადმოცემული მტკიცებულებების განადგურება. ველოდებით, რომ საგამოძიებო ორგანო ამ ვიდეომასალის განადგურებასთან დაკავშირებით დაგვიკავშირდება“, - ყვება ადვოკატი „ფორმულასთან.

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს მისი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები