შსს  გიორგი შაქარაშვილის საქმის თაობაზე მორიგ განცხადებას ავრცელებს

09-07-2020 15:00:02 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრო ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით, რომელიც დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზეა გადაღებული, განცხადებას ავრცელებს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ კადრებში ნაჩვენები მოქალაქე, დადგენილია, რომ არის 1996 წელს დაბადებული, ხაშურში მცხოვრები ლ.ლ. და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის არის ა.ბ., სიმართლეს არ შეესაბამება. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დადგენილია, რომ კადრებში ნაჩვენები პიროვნება მიკროავტობუსით გადაადგილდებოდა ხაშურიდან თბილისის მიმართულებით. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება მოძრაობდა ქუთაისი თბილისის მიმართულებით. ასევე, ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაცია ხანძრის ხელოვნურად გაჩენის შესახებ არის მორიგი სიცრუე და მიზანმიმართულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლინდა, რომ 4 ივლისს, არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი მეტალის დამუშავებამ გამოიწვია. შესწავლილი ფაქტობრივი გარემოებებით დადგინდა, რომ 1980 წელს დაბადებული ლ.ყ. ჯართის შეგროვების მიზნით, ადგილზე მეტალს ამუშავებდა და დაადასტურა, რომ ამ პროცესში ბალახს მოეკიდა ცეცხლი. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტელეკომპანია “მთავარმა არხმა” გაავრცელა კადრები, რომელშიც ჩანს თუ როგორ ესაუბრება თბილისში ტოიოტას მარკის ავტომობილით ჩამოყვანილ გურამ ამირხანაშვილს თეთრი ფერის მიკროავტობუსიდან გადმოსული პირი. 8 ივლისს ლუსმანაშვილმა განაცხადა, რომ ვიდეომასალაში თეთპერანგიანი პირი ის არის. მისივე თქმით, საქმესთან დაკავშირებით არაფერი იცის და ამირხანაშვილსაც არ იცნობს:

“ამ საქმესთან დაკავშირებით არაფერი არ ვიცი. ერთადერთს გეტყვით: ჩამოვედი ღამე ჩემს პირად საქმეზე, მოვხვდი არასწორ ადგილას, არასწორ დროს. ამირხანაშვილს, არავის ვიცნობ. უბრალოდ, ადამიანმა დარეკვა მთხოვა, დასარეკი არ მქონდა".

მანამდე, საქმის ამავე ეპიზოდზე შსს-ში ავთანდილ ბილანიშვილი გამოიკითხა. “მთავარი არხის” ვარაუდით, სწორედ ბილანიშვილი იყო ის პირი, ვინც ამირხანაშვილს დიდუბის მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ტოიოტას მარკის ავტომობილიდან გადმოსვლის შემდეგ რამდენიმე წუთში შეხვდა.

ბილანიშვილის ადვოკატის თამარ აბესაძის განცხადებით, ბილანიშვილი არც შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებს იცნობს და არც იმ ღამეს ყოფილა შემთხვევის ადგილზე. მისივე თქმით, შაქარაშვილის გარდაცვალების ღამეს ბილანიშვილი სახლში იმყოფებოდა და ამის დამადასტურებელი ალიბი აქვს.