"შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის მობილურში შენახული აღმოჩნდა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია, რისი შესწავლაც ცალკე წარმოებად გამოიყო"

09-07-2020 15:55:22 სამართალი

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის შედეგად, ერთ-ერთი ფიგურანტი პირის მობილურ ტელეფონში შენახული აღმოჩნდა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია.

როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნულის გამო, 2020 წლის 09 ივლისს, ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის შესაძლო უკანონო მოპოვებისა და შენახვის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით.

„საქმე, იმავე დღეს, გამოსაძიებლად გადაეცა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს. საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რათა გაირკვეს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, როგორც მოპოვების ასევე შენახვის კანონიერების საკითხი. გამოძიება ასევე შეისწავლის შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლის მიერ, დაცვის მხარესთან მტკიცებულებების გაცვლისას, ზემოხსენებული პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გადაცემის გარემოებებს.

პროკურატურა მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში შეაფასებს საქმის ყველა გარემოებას და გადაწყვეტს შესაძლო დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საკითხს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

შაქარაშვილის საქმეზე ერთ–ერთი დაკავებულის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი ამბობს, რომ სამართალდამცველებმა მას საქმის მონაწილე ერთერთი პირის მეგობრის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები შემთხვევით, შეცდომით გადასცეს, შემდეგ კი ხელწერილის დაწერა მოსთხოვეს ამ მასალის გასაჯაროების თავიდან ასაცილებლად.

საუბარია 19 ივნისის ცნობილ წვეულებაზე. რაც შეეხება კადრებს, ადვოკატის თქმით, მათზე ასახულია დაბადების დღეზე მყოფი პირების პირადი ცხოვრება

„იყო ერთგვარი პორნოგრაფიული ხასიათის, რომელშიც ფიგურირებდა ახალგაზრდა გოგო, რომელიც იყო ერთ-ერთი მონაწილე პირის მეგობარი. ჩვენ გუშინ ღამის 11 საათზე, გასაუბრების მიზნით დაგვიკავშირდა პოლიცია. სამართალდამცავები ითხოვდნენ, რომ თითქოსდა დაცვის მხარეს გაფრთხილების ხელწერილი უნდა დაეწერა. მათ შორის გულისხმობდა ამ ინფორმაციის შენახვა-გავრცელებასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაფრთხილებასთან დაკავშირებით.

განვუმარტეთ, რომ ასეთი სახის გაფრთხილება არასწორი იყო - მათივე მოქმედებით მოხდა [მასალა] ჩვენს კომპიუტერში. განმარტება, რომ შენახვისთვის ადვოკატები პასუხს ვაგებდით სისხლის სამართლის წესით, იყო აბსურდი, ვინაიდან ეს მათ მიერ გადმოცემული მტკიცებულებები იყო ჩვენ გაფრთხილებებზე. არანაირ გაფრთხილებას ხელი არ მოვაწერეთ და უკვე ჩვენ მოვითხოვეთ მათ მიერ გადმოცემული მტკიცებულებების განადგურება. ველოდებით, რომ საგამოძიებო ორგანო ამ ვიდეომასალის განადგურებასთან დაკავშირებით დაგვიკავშირდება“, - ყვება ადვოკატი „ფორმულასთან.

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს მისი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები