ვინ ახმოვანებს დეზინფორმაციას ლუგარზე ოსური ტელევიზიის პროპაგანდისტულ ფილმში?

09-07-2020 16:38:15 მითები და სტერეოტიპები

2020 წლის 6 ივლისს ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამთავრობო ტელე-რადიო კომპანია “ИР”-ის ოფიციალურმა ფეიქბუქ პროფილმა, ამავე სახელწოდების ჯგუფში გააზიარა ვიდეო, სახელწოდებით “ცდები საქართველოს მოსახლეობაზე”. პოსტს ახლავს ანოტაცია “რა ხდება ლუგარის ლაბორატორიაში?” იდენტური ვიდეო მედია საშუალებამ საკუთარ იუთუბ არხზეც გამოაქვეყნა. ვიდეოს ავტორი და მთხრობელი ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ინფორმაციისა და პრესის სამთავრობო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ალან თიბილოვია. (განახლება: ფეისბუქზე თიბილოვს მითითებული აქვს, რომ პოსტს ახლაც იკავებს, თუმცა ამჟამად კომიტეტს მარია კოტაევა ხელმძღვანელობს).

გადაცემა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მოსახლეობაზეა გათვლილი და ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ კრემლის დეზინფორმაციულ გზავნილებს იმეორებს. წამყვანი დაუსაბუთებელ კონსპირაციებს ავითარებს და ამტკიცებს, თითქოს ლაბორატორიაში ამერიკის შეერთებული შტატების დავალებით სახიფათო ცდები ტარდება, საქართველოს მთავრობა კი საკუთარ მოსახლეობას არ უსმენს და მხოლოდ აშშ-ის დირექტივებს ასრულებს. წამყვანი სამ ქართველ რესპონდენტს ეყრდნობა და ლუგარის ლაბორატორიის შესახებ მათ აზრს “საქართველოს მოსახლეობის” პოზიციად წარმოაჩენს.

ვის აზრს გვთავაზობს ოსი ჟურნალისტი ქართული საზოგადოების პოზიციად?

ვიდეოში სამ ქართველ რესპონდენტს ვხვდებით. ესენი არიან ალექსანდრე ჭაჭია, ვალერიან ხაბურძანია და ვლადიმირ ხომერიკი.

ალექსანდრე ჭაჭიაალექსანდრე ჭაჭია მოსკოვში მცხოვრები პოლიტოლოგია, რომელიც 2014 წლის 13 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „მეგობრობის განმტკიცებისა და რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობისთვის, მეცნიერული და კულტურული კავშირების განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის“ ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ამავე დროს, ჭაჭია შპს “ისტორიული მემკვიდრეობის” საზოგადოებრივი საბჭოს წევრიცაა, რომელიც “საქართველო და მსოფლიო”-ს გამოსცემს. ღიად კრემლისტური “საქართველო და მსოფლიო” ანტიდასავლური პროპაგანდისა და ყალბი ინფორმაციის გავრცელებით გამოირჩევა.

ვიდეოში ჭაჭია ამბობს, რომ აშშ-მა ლუგარის ლაბორატორიაში ასობით მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო და ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ კი ინფორმაცია არ აქვს. ამავე დროს ჭაჭია ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს ბიოლოგიურ ლაბორატორიებს აშშ საკუთარ ტერიტორიაზე არ აშენებს. “ამერიკის მეცნიერების ფედერაციის” (FAS) ინფორმაციით, აშშ-ის ტერიტორიაზე მხოლოდ ბიოუსაფრთხოების მე-4 დონის მქონე ლაბორატორიების რიცხვი 13-ია.

ვალერიან ხაბურძანიაოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სამთავრობო ტელე-რადიოს კომენტარი ვალერიან ხაბურძანიამაც მისცა, რომელიც 2001-2004 წლებში საქართველოს უშიშროების მინისტრი იყო. ხაბურძანიას ვიდეოს ავტორი იმ ნარატივის გასავითარებლად ეყრდნობა, რომ აშშ საქართველოს საშინაო საქმეებში, მათ შორის ძალოვანი უწყებების საქმიანობაშიც ერეოდა. ვიდეოში ხაბურძანია ამბობს, რომ მისი მინისტრობის პერიოდში ამერიკელები საქართველოში არასანქცირებულ ქმედებებში იყვნენ ჩართულები და სამინისტროს ინფორმირების გარეშე მუშაობდნენ.

ხაბურძანია: “მე არ მინდა, რომ ჩემი ქვეყანა აღარ არსებობდეს რაღაც გლობალური, სამხედრო და პოლიტიკური ექსპერიმენტების გამო.”

“მითების დეტექტორს” ხაბურძანიას ანტიდასავლური განცხადებები ადრეც გადაუმოწმებია. ხაბურძანია ამბობდა, რომ ქართულ ეკონომიკას რუსული ბაზრის გარეშე განვითარების პერსპექტივა არ ჰქონდა, ასოცირების შეთანხმება კი სარგებელს არ მოიტანდა. მან ასევე განაცხადა, რომ აშშ-სა და ევროკავშირს საქართველოსთვის მისი მინისტრობის პერიოდში (2001-2004) ფინანსური დახმარება არ გაუწევიათ.

ვლადიმირ ხომერიკივლადიმირ ხომერიკი ბიზნესმენია, რომელმაც კაპიტალი რუსეთში დააგროვა. ის ასევე „რუსი და ქართველი ხალხის ერთიანობის ფონდის“ პრეზიდენტია. ხომერიკი მიიჩნევს, რომ რუსეთს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია არ მოუხდენია. იგი თვლის, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე რუსი სამშვიდობოების ყოფნა საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებმა გამოიწვია, ხოლო რუსეთი ქართველების მხრიდანაც ოკუპირებულია, რადგან რუსეთში ახლა 1 მილიონ ქართველზე მეტი ცხოვრობს. ხომერიკი ასევე ავითარებდა ყარსის ხელშეკრულების შესახებ ცნობილ შეთქმულებას, თითქოს ხელშეკრულებას ვადა 2021 წელს გასდის და რუსეთი ხელშეკრულების გარანტორი აღარ იქნება. ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ საოკუპაციო რეჟიმის ტელევიზიის მიერ მომზადებულ ვიდეოში ხომერიკი “ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის” სახელით საუბრობს. ხომერიკი ვიდეოში ორჯერ ჩნდება და შეთქმულების თეორიებს ავითარებს.

ვლადიმირ ხომერიკი: “ამ ლაბორატორიებში არის ისეთი ზონები, რომლებშიც საქართველოს არ აქვს შესვლის და შეხედვის უფლება… ნონსენსია, რომ თანამედროვე აშშ-საც კი არ შეუძლია დაადგინოს, თუ რითი გარდაიცვალნენ ქართველები, რომლებიც, მათ შორის, ამ ლაბორატორიაშიც იმყოფებოდნენ. გასაგებია, რომ ეს ბიოლოგიური იარაღია.”სავარაუდოდ, ხომერიკი ლუგარის ლაბორატორიის მშენებლობის დროს ფილიპინელი მუშების გარდაცვალების კონსპირაციაზე საუბრობს, რასაც ვიდეოს ავტორიც იხსენებს. ამ ინფორმაციას წლებია სხვადასხვა წყაროები ავრცელებენ, თუმცა შესაბამისი არგუმენტაცია და დასაბუთება არ აქვს. “მითების დეტექტორი” ამ საკითხზე ლუგარის ლაბორატორიას 2018 წელს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ფილიპინელი ტექნიკოსები 2011 წელს ლუგარის ლაბორატორიის მშენებლობაში იყვნენ ჩართულები, შესაბამისად მშენებარე ობიექტიდან გავრცელებული ვირუსებით ისინი ვერ დაავადდებოდნენ, რადგან ლაბორატორიამ ფუნქციონირება 2013 წელს დაიწყო.

პროპაგანდისტულ ვიდეოში გამოყენებული სხვა წყაროები

სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმის სამთავრობო ტელევიზია რუსეთთან დაახლოებული ექსერტების გარდა ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ სხვა წყაროებსაც ეყრდნობა. ვიდეოში მეტწილად კრემლთან აფილირებული ბულგარელი ჟურნალისტის დილიანა გაიტანჯიევას 2019 წელს გადაღებული ფილმის კადრები და ამ ფილმში გაიტანჯიევას მიერ გამოყენებული რესპონდენტები მოხვდნენ, როგორიცაა “საქართველოს ახალგაზრდა ევრაზიელთა კავშირის” ხელმძღვანელი, სპუტნიკთან და News Front Georgia-სთან დაკავშირებული გიორგი ირემაძე.

ერთ-ერთ წყაროდ ვიდეოს ავტორი ასევე საქართველოში მცხოვრებ ჟურნალისტს, ჯეფრი სილვერმანს და სილვერმანის მიერ Geworld.ge-ზე გამოქვეყნებულ სტატიას ეყრდნობა, რომელიც ლუგარის ლაბორატორიის შესახებ დეზინფორმაციისა და კონსპირაციების შესახებ კრემლის და მასთან აფილირებული მედიისთვის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ვიდეოში ოსი ჟურნალისტი სილვერმანის ამერიკულ წარმომავლობას უსვამს ხაზს, რათა ვიდეოში გაჟღერეული დეზინფორმაციის შესახებ მაყურებელში მეტი ნდობა მოიპოვოს.

კიდევ ერთ წყაროდ ვიდეოში საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის, იგორ გიორგაძის მიერ 2019 წელს გამოქვეყნებული “დოკუმენტები” გვევლინება, რომლებიც, კრემლის მტკიცებით, ადასტურებს, რომ C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატის Sovaldi-ს გამოყენებით საქართველოს მოსახლეობაზე ცდებს ატარებენ. მოგვიანებით იგორ გიორგაძემ BBC-სთან ინტერვიუში თავადვე აღიარა, რომ ლუგარის ლაბორატორიაში ადამიანებზე ჩატარებული ცდების შესაბამისი მტკიცებულებები არ გააჩნდა.

“მითების დეტექტორს” დილიანა გაიტანჯიევაზე, ჯეფრი სილვერმანსა და იგორ გიორგაძეზე არაერთი სტატია აქვს მომზადებული.

სად გავრცელდა საოკუპაციო რეჟიმის სამთავრობო ტელევიზიის პროპაგანდისტული ვიდეო?

ტელევიზიის ჯგუფიდან ვიდეოს 8 ივლისის მდგომარეობით 230 გაზიარება აქვს. ვიდეო ორგანიზებულად, რამდენიმე ჯგუფში სამმა პროფილმა, Инал Кокоев-მა, Alan Mamiev-მა და ვიდეოს ავტორმა Alan Tibilov-მა გააზიარეს.

საერთო ჯამში, ვიდეო 27 საჯარო ჯგუფში გაზიარდა: КОМИТЕТ " НОВЫЙ СССР- New USSR", СССР Великая Страна, патриоты Южной Осетии, Павел Грудинин - НАРОДНЫЙ Президент России, WWW.FORUMCAUCASUS.COM, Армения Кавказ Евразия, Я против террора США и НАТО !, Группа ««Кабардино-Балкарский Республиканский Народный Контроль»», Ավանդական Հայաստան Традиционная Армения, IR, Ир.Ис!, Zona Кавказа, СОВЕТОН РÆСТДЗИНАД СОВЕТСКАЯ ПРАВДА SOVIET TRUTH, НОВОРОССИЯ. Новости, прогнозы, комментарии, АЛАНИЯ, «OSNET» НОВОСТИ ЮЖНОЙ ОСЕТИИ, Объявления Владикавказ, Реклама и Объявления Владикавказ, Владикавказ Объявления / Аська.su / Республика Северная Осетия-Алания, ДЗУРЫ ЦХИНВАЛ, Осетия, IRON ACCENT, Вестник Алания, IRON ADÆM, М00 "Землячество Алании " ДНР, #АЛАНиЯ.

წყარო: mythdetector

ახალი ამბები

სხვა სიახლეები