
ადვოკატები ვასილ მამულაშვილი და ალექსანდრე კობაიძე გამოკითხვაზე დაიბარეს
09/07/2020 15:53:19 სამართალი
ადვოკატები ვასილ მამულაშვილი და ალექსანდრე კობაიძე გამოკითხვაზე დაიბარეს. არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის მობილურ ტელეფონში პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეომასალის აღმოჩენის შესახებ ინფორმაციის განსაჯაროებას.
მამულაშვილი და კობაიძე გამოკითხვაზე ქალაქის პროკურატურაში არიან დაბარებული.
ცნობისთვის: შაქარაშვილის საქმეზე ერთ–ერთი დაკავებულის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი ამბობს, რომ სამართალდამცველებმა მას საქმის მონაწილე ერთერთი პირის მეგობრის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები შემთხვევით, შეცდომით გადასცეს, შემდეგ კი ხელწერილის დაწერა მოსთხოვეს ამ მასალის გასაჯაროების თავიდან ასაცილებლად. თავის მხრივ, პროკურატურაც ადასტურებს, რომ შაქარაშვილის საქმეზე ჩატარებული კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის შედეგად, ერთ-ერთი ფიგურანტი პირის მობილურ ტელეფონში შენახული აღმოჩნდა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია, რისი შესწავლაც, უწყების ცნობით, ცალკე წარმოებად გამოიყო.