"დახმარების სანაცვლოდ პირობების წამოყენება ეფექტური გზაა საქართველოს პროგრესის გასაზომად"

10-07-2020 08:50:21 პოლიტიკა

დახმარების სანაცვლოდ პირობების წამოყენება ეფექტური გზაა საქართველოს პროგრესის გასაზომად, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც რეგიონში, ამერიკის მოკავშირე სახელმწიფოებში დემოკრატიის უკუსვლა შეინიშნება, - ამის შესახებ ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის ექსპერტმა იანუშ ბუგაისკიმ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პროგრესი უფრო მაღალი სტანდარტით იზომება, ვიდრე სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების. მიზეზი საქართველოს წარმატებებია, განსაკუთრებით კორუფციასთან ბრძოლის კუთხით.

ცნობისთვის: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელშიც 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტებზეა საუბარი, საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე განმარტება დაემატა. დოკუმენტში აღნიშნულია, საქართველომ დახმარების სახით მისაღები 132 025 000 აშშ დოლარის 15 პრეცენტი შესაძლოა, ვერ მიიღოს მანამ, სანამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ განსაზღვრავს და კომიტეტს არ წარუდგენს მოხსენებას იმის შესახებ, რომ რომ საქართველოს ხელისუფლება: ეფექტურად ახორციელებს საარჩევნო რეფორმას; იცავს სასამართლოს დამოუკიდებლობას, მათ შორის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისგანაც; ეფექტურად ახორციელებს აუცილებელ პოლიტიკას, რათა უზრუნველყოს ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალეობა, საჯარო ინფორმაციის შეუზღუდავი ხელმისაწვდომობის ჩათვლით; იცავს სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უფლებებს და მედიის დამოუკიდებლობას; ზღუდავს ოლიგარქების არაფორმალურ გავლენას, როგორც ხელისუფლების ფუნქციებზე, ასევე კანონებისა და რეგულაციების გამოყენებაზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები