სააკაშვილის განცხადების გამო უკრაინის ელჩი საგარეო უწყებაში ისევ დაიბარეს

10-07-2020 14:18:09 პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იგორ დოლგოვთან შეხვედრა გაიმართა.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველო-უკრაინის სტრატეგიულ ურთიერთობასა და მეგობრობას და გამოხატა შეშფოთება უკრაინის ოფიციალური პირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებული მიუღებელი განცხადებების გამო.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრისას აღინიშნა, რომ მსგავსი ქმედებები, რაც ასევე წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას, მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ორი ქვეყნის ურთიერთობებს.

უწყების ცნობით, ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა რომ უკრაინული მხარე სათანადო შეფასებას მისცემს აღნიშნულ ფაქტს და ორივე მხარე მიმართავს ძალისხმევას ურთიერთობების შემდგომი განვითარებისკენ.

უკრაინის ელჩის განცხადებით, იგი ოფიციალური თბილისის პოზიციას კიევს გადასცემს.

„აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან გაკეთებული განცახდებასთან დაკავშირებით ასევე შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის კომუნიკაცია უკრაინელ კოლეგასთან, რა დროსაც უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გამოთქვა წუხილი მომხდარის გამო და კოლეგას ვითარების გარკვევას დაპირდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სააკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს არ ჰყავს მთავრობა და ის არის სრულად არალეგიტიმური. ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, მისი ბრძოლა იქნება გადამწყვეტი და ის იქნება ამ ბრძოლაში ერთ-ერთი გამარჯვებული.

„ჩემი ბრძოლა იქნება ძალიან გადამწყვეტი და მოსწონს ეს ვიღაცას, არ მოსწონს, უნდა ვიღაცას, რომ ვიყო წინა ხაზზე თუ არ ვიყო. მე ვიქნები წინა ხაზზე და გპირდებით, რომ მე ვიქნები თქვენთან ერთად ხელჩაკიდებული ოქტომბერში ივანიშვილის დამარცხებისა და საქართველოს გამარჯვების ფრონტზე", - განაცხადა სააკაშვილმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები