
დამოუკიდებელი ექსპერტი გამორიცხავს, რომ შაქარაშვილის ცხედარი წყალში გარკვეული დროის შემდეგ მოათავსეს
10/07/2020 11:20:45 სამართალი
19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ოჯახის მიერ ჩართული დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე გამორიცხავს, რომ ახალგაზრდა მდინარეში არა გარდაცვალებისთანავე, არამედ რამდენიმე დღის შემდეგ აღმოჩნდა.
„მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, გარდაცვლილი რამდენიმე დღის განმავლობაში ჰყავდათ სადღაც დამალული და ცხედარი შემთხვევის ადგილზე რამდენიმე დღის შემდეგ მიიტანეს. ცალსახად ვამბობ, გვამის გამოკვლევის პროცესში, არსებობს წყალში ყოფნის ნიშნები, რაც ნიშნავს ხელის მტევნების, ტერფების კანი იცვლება სპეციფიურად, რასაც ჰქვია, ე.წ. მრეცხავის ხელები, რაც უტყუარად მიუთითებს, მასზედ, რომ ცხედარი იმყოფებოდა წყალში. მაგრამ მარტო ეს არ არის ამის დამადასტურებელი. ტემპერატურის გათვალისწინებით, კლიმატური პირობების გათვალისწინებით, ცხედარი, რომელიც თუნდაც ორი დღე და დღენახევარი დარჩენილიყო მიწის ზევით, ლპობითი პროცესები განვითარდებოდა ისეთი ინტენსივობით, რომ ამოცნობის რესურსი და შესაძლებლობაც კი დაიკარგებოდა“, - განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ თემის კომენტირებისას.
19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს მისი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს.
გამოძიების ვერსიით, 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. რომელსაც გიორგი და მასთან ერთად, კიდევ ხუთი ახალგაზრდა, გაერიდა. მათ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, რკინის ხელკეტებით შეიარაღებულნი გაეშურნენ. სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი სწორედ ამ დაპირისპირებისას გაუჩინარდა.
10 ივლისს გამოქვეყნდა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვა, პროკურატურამ კი შაქარაშვილის ეპიზოდი ჯგუფურად განზრახ მკვლელობად სეაფასა, თუმცა ამ დროისთვის ბრალი არავის აქვს წაყენებული.
იხილეთ ასევე