
ევროკომისია: „შენგენ+ ზონაში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები საქართველოდან კვლავ მაღალი აქტიურობით გამოირჩევიან“
10/07/2020 19:20:04 საგარეო პოლიტიკა
„შენგენ+ ზონაში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები საქართველოდან კვლავ მაღალი აქტიურობით გამოირჩევიან“, – ამის შესახებ ნათქვამია უვიზო მიმოსვლის თაობაზე ევროკომისიის უკანასკნელ ანგარიშში „მესამე ანგარიში სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში“.
„ორგანიზებულმა დანაშაულებრივმა ჯგუფებმა საქართველოდან ევროკავშირის რამდენიმე წევრ სახელმწიფოში თავიანთი საქმიანობა შეცვალეს და სახლების ძარცვიდან მაღაზიების ორგანიზებულ ძარცვებზე გადავიდნენ. ამასთან, ზოგიერთი მათგანი თავიანთი საქმიანობისთვის სხვა ქვეყანაში გადავიდა, რაც შესაძლოა, გარკვეულწილად ბოლო წლებში ევროკავშირის ბევრი წევრი სახელმწიფოს ორგანიზებულ დანაშაულთან გასამკლავებლად გაზრდილი ძალისხმევის გამო მოხდა. გარდა ამისა, უვიზო რეჟიმის ძალაში შესვლის შემდეგ ევროკავშირის რამდენიმე წევრმა ქვეყანამ განაცხადა, რომ დაპატიმრებულ კრიმინალთა შორის გაიზარდა საქართველოდან შემოსული თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი”, – ნათქვამია ანგარიშში.
როგორც ევროკომისია აღნიშნავს, საქართველომ გააღრმავა თანამშრომლობა ევროპის პოლიციის სამსახურთან (Europol) და ევროკავშირში საქართველოს პოლიციის ატაშეების ქსელი გააძლიერა.