გარემოს დაბინძურებაზე ჯარიმები იზრდება

13-07-2020 16:31:28 პოლიტიკა

სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დაბინძურებაზე ჯარიმები იზრდება. პარლამენტმა „ნარჩენების მართვის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.

კანონპროექტის თანახმად, 1 კუბურ მეტრამდე მოცულობის სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანება გამოიწვევს ფიზიკური პირების დაჯარიმებას 500 ლარით (ნაცვლად 200 ლარისა), ხოლო იურიდიული პირების - 2 000 ლარით (ნაცვლად 500 ლარისა). იმ შემთხვევაში, თუ ამ ტიპის ნარჩენების მოცულობა 1მ3- დან 10 მ3-მდეა, მაშინ ფიზიკური პირი დაჯარიმდება 500 ლარის ნაცვლად 1500 ლარით, იურიდიული პირის შემთხვევაში კი დადგენილი ჯარიმა შეადგენს 3000 ლარს, 1500 ლარის ნაცვლად.

ფიზიკური პირებისთვის გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობის გასამმაგება იმან გამოიწვია, რომ ამ ტიპის სამართალდარღვევას უფრო ხშირად ფიზიკური პირები ჩადიან. 10 მ3-დან 50 მ3-მდე მოცულობის სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანების შემთხვევაში, ფიზიკური პირი 5000 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი - 15000 ლარით. ჯარიმის ოდენობა კიდევ უფრო იზრდება, თუ სახეზეა 50 მ3 ან 50 მ3-ზე მეტი მოცულობის სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანების შემთხვევა. ასეთ დროს ფიზიკურ პირს დაეკისრება ჯარიმა 15 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიულ პირს - 30 000 ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, ფოთლების, ბაღის და/ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა 500 ლარით დასჯადი ქმედება ხდება.

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება „ნარჩენების მართვის კოდექსში“ შედის. კოდექსის არსებული რედაქცია, აღნიშნული ქმედებისთვის 200 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

რაც შეეხება საცხოვრებელი სახლიდან ან სხვა შენობიდან 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დაბინძურება 100 ლარის ნაცვლად, 200 ლარით დაისჯება.

კანონპროექტის მიხედვით, იგივე ქმედება, ჩადენილი ავტომობილიდან გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 250 ლარით, ნაცვლად 120 ლარისა. ამავე ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევთ მათაც, ვინც 2კგ.მდე ნარჩენს საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან გადაყრის. 5 ერთეულამდე საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს დანაგვიანება, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 150 ლარის ნაცვლად 500 ლარის ოდენობით, ხოლო 5 ერთეული ან 5 ერთეულზე მეტი საბურავის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 2000 ლარამდე იზრდება. 2 კგ-მდე ბატარეის, აკუმულატორის, ელექტრონათურის, ელექტროსაქონლის, გრაფიტის ელექტროდის, ბასრი ან მჩხვლეტავი საგნის (მათ შორის, შუშის ნამსხვრევის, ლურსმნის ან სხვა მსგავსი საგნის) ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის სამართალდამრღვევი პირი ნაცვლად 100 ლარისა, 500 ლარით დაჯარიმდება. გარემოს დაბინძურება ნარჩენებით, რომელთა ოდენობა 2 კგ-ს უტოლდება ან აღემატება, ამ შემთხვევაში ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის 500 ლარი (ნაცვლად 150 ლარისა), ხოლო იურიდიული პირებისთვის 1 500 ლარი ( ნაცვლად 1 000 ლარისა) იქნება. 1 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის ფიზიკური პირები დაჯარიმდებიან 300 ლარის ნაცვლად 1000 ლარის ოდენობის ჯარიმით, ხოლო იურიდიული პირები კი 1000 ლარის ნაცვლად გასამმაგებული ოდენობის ჯარიმით - 3000 ლარით; დიდი მოცულობის ნარჩენით (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების, ელექტრო - ან ელექტროტექნიკური დანადგარის, სამშენებლო დანადგარის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის) გარემოს დანაგვიანების შემთხვევაში ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს დაეკისრებათ გათვალისწინებულზე 4-ჯერ მეტი ჯარიმა - ფიზიკურ პირს - 2000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიულ პირს - 6000 ლარის ოდენობით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები