თალაკვაძე –კაპანაძეს: „გინდათ,წულუკიანით გადაფაროთ თქვენი ხელისუფლების კანონდარღვევები?!"
14/07/2020 09:47:56 პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ფიქრობს, რომ "ევროპული საქართველო" იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ქმედებებზე საუბრით ცდილობს, გადაფაროს წინა ხელისუფლების დროს არსებული დარღვევები. ასე უპასუხა თალაკვაძემ "ევროპული საქართველოს" წევრის სერგი კაპანაძის განცხადებას წულუკიანის პარლამენტში დაბარებაზე: კაპანაძე ამბობს, რომ მინისტრი სასამართლოს დავალებას არ ასრულებს და არ აძლევს ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას სანოტარო პროგრამებზე წვდომის უფლებას.
"ქალბატონო თეა წულუკიანით გინდათ გადაფაროთ ის კანონდარღვევები და ის უფლებადარღვევები, რაზეც თქვენი ხელისუფლება იყო პასუხისმგებელი?! გინდათ ფინანსური შედარება გავაკეთოთ, გინდათ უფლებრივი - წამებას და არაადამიანურ მოპყრობას ადარებთ კონკრეტული ავტორიზაციის აქტის გასაჩივრებას?! და სიცოცხლის უფლების დარღვევას ადარებთ იმას, რომ ქალბატონი თეა წულუკიანი წინა კვირაში რომ იყო მოსული, ახლა რომ არ მოდის?!" - უთხრა თალაკვაძემ კაპანაძეს.
კაპანაძეს მიაჩნია, რომ წულუკიანი კანონს არღვევს, როცა არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას.
"ქალბატონი წულუკიანი სასამართლოს ბრძანებას არ ასრულებს, რაც არის პირდაპირ სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევა. ჩვენ მოვითხოვეთ 2 კვირის წინ კომიტეტის სხდომაზე მოსვლა და ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. თხოვნა მაქვს თქვენთან, იქნებ, უზრუნველყოთ, მოვიდეს პარლამენტში და რაც დადასტურებულია, კანონს არღვევს, ამასთან დაკავშირებით გასცეს პასუხი პარლამენტს", - მიმართა სერგი კაპანაძემ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს გუშინ, 13 ივლისსაც.
ბაჩანა შენგელიას ნოტარიუსის საქმიანობა წელს 18 ივნისს შეუჩერდა Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტების გამო, მის წინააღმდეგ კიდევ ერთი დისციპლინური სამართალწარმოება დაიწყო. ამის შემდეგ საქალაქო სასამართლომ დაავალა იუსტიციის სამინისტროს მისთვის სანოტარო პროგრამებთან წვდომის აღდგენა, რაც დღემდე არ სრულდება.
ბაჩანა შენგელიამ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოშიც შეიტანა. იგი იმ ნორმის არაკონსტიტუციორად ცნობას ითხოვს, რომლითაც იუსტიციის სამინისტრომ მის მიმართ დისციპლინური დევნა დაიწყო.
შენგელიას მიაჩნია, რომ მის მიმართ დაწყებული კამპანია დედამისის, ია კერზაიას საქმის გაგრძელებაა, რომელიც მაღალი თანამდებობის პირებმა დაუკვეთეს.
ცნობისთვის: ია კერზაია 2018 წელს ინსულტის დიაგნოზით გარდაიცვალა. მისი ჯანმრთელობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც სკოლაში, სადაც ის დირექტორის თანამდებობას იკავებდა, შესამოწმებლად განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფი შევიდა და უწყების განცხადებით, მძიმე დარღვევები გამოავლინა. გარდაცვლილის ოჯახი ამბობს, რომ კერზაიამ სკოლაში მიმდინარე პროცესებზე ინერვიულა, ინსპექტირება კი, თავის მხრივ, მასზე წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირდებოდა. პროკურატურამ საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. შენგელიამ ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართა.


