მეცნიერები – "კორონავირუსმა გამოავლინა ის თვისება, რისიც გვეშინოდა"

14-07-2020 14:07:53 საზოგადოება

Covid-19–მა შესაძლოა, ადამიანის იმუნიტეტი თვეების განმავლობაში დაასუსტოს. როგორც ბრიტანელი მეცნიერების უკანასკნელ კვლევაშია აღნიშნული, მას შემდეგ, რაც ადამიანი Covid-19–​ით დაინფიცირდება, ვირუსისადმი მისი ბუნებრივი იმუნიტეტი შესაძლოა, თვეების განმავლობაში სუსტდებოდეს.

მეცნიერების თქმით, კვლევა მოიცავდა 65 პაციენტის მონაცემებს, რომელთაც დაავადება სიმპტომების გამოვლენიდან 94 დღის განმავლობაში დაუდასტურდათ და 31 მედიკოსის მონაცემებს, რომელთაც ანტისხეულების ტესტები ყოველ კვირასა და ყოველ 2 კვირაში (მარტიდან აპრილამდე პერიოდში) უტარდებოდათ.

"ანტისხეულების საპასუხო რეაგირების დაქვეითება შეიძლება, დაიწყოს Covid-19–ის სიმპტომების გამოვლენიდან 20-30 დღის შემდეგ", – ნათქვამია კვლევაში.

როგორც მეცნიერები აცხადებენ, აღნიშნული შედეგები დამატებით კვლევებს საჭიროებს, რათა დადგინდეს, გამოვლინდება თუ არა მსგავსი შედეგები პაციენტების უფრო მეტ ჯგუფში და რა შედეგები შეიძლება აჩვენოს დროის უფრო მეტ პერიოდში, როდესაც საქმე ეხება Covid-19–ით ინფიცირებას.

”ამ კვლევის შედეგები მნიშვნელოვანია, როდესაც ვსაუბრობთ SARS-CoV-2–ით ხელახალი ინფიცირებისგან დაცვაზე და ვაქცინების გამძლეობაზე", – აცხადებენ მეცნიერები.

რა არის ანტისხეულები

ანტისხეულები ცილებია, როლებსაც ადამიანის იმუნური სისტემა იმ დროს წარმოქმნის, როდესაც გრძნობს, რომ ორგანიზმი ვირუსით ან სხვა უცხო სხეულითაა ინფიცირებული. ამის შემდეგ, ანტისხეულები მის მოკვლას ცდილობენ.

აშშ–ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის თანახმად, როგორც წესი, ორგანიზმი ანტისხეულებს ვირუსით ინფიცირებიდან დაახლოებით 1–დან 3 კვირამდე პერიოდში გამოიმუშავებს.

თუმცა როგორც ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ყოფილი პროფესორი უილიამ ჰასელთაინი აცხადებს, "Covid-19 ძალიან განსხვავდება სხვა კორონავირუსული ინფექციებისგან":

"ბრიტანელი მეცნიერების კვლევის თანახმად, იმუნიტეტი თვეების განმავლობაში ქვეითდება. ეს სწორედ ისაა, რისიც გვეშინოდა".

"თუ დამატებითი კვლევების შემდეგ ამ კვლევის შედეგები დადასტურდა, ამან შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ინფიცირებულ პაციენტებზე, ვაქცინების განვითარებაზე და იმ მოსაზრებაზე, რომ მოსახლეობა პოპულაციურ იმუნიტეტს მიაღწევს", – იუწყება CNN.

იხილეთ ასევე: იხილეთ ასევე: მეცნიერები – იმ პაციენტებშიც კი, რომლებიც Covid–19–სგან განიკურნენ, ტვინის მძიმე დაზიანებები გამოვლინდა

ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერების განცხადებით, Covid-19-ით ინფიცირებულ პაციენტებში ჩატარებული გულის სკანირების შედეგად დადგინდა, რომ დაავადებულებს გულის მთელი რიგი პათოლოგიები გამოუვლინდათ.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 575 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 13 240 000–ს გადააჭარბა, 7 708 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 999-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 870 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები