ომბუდსმენი – ვოლსკიზე: „მის შეფასებებს სერიოზულად არ აღვიქვამ“
14/07/2020 14:54:16 პოლიტიკა
ომბუდსმენი ნინო ლომჯარია საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გია ვოლსკის ურჩევს, „საქმის გაცნობის შემდეგ გააკეთოს პოლიტიკური განცხადებები“.
„ზოგადად ვუპასუხებდი იმას, რომ გია ვოლსკის აქვს ერთგვაროვანი კომენტარები ჩემი მისამართით, არ აქვს მნიშვნელობა, რა განცხადებას ვაკეთებ. მაქვს განცდა, რომ საქმეში ჩაუხედავად აქვს სტანდარტული კომენტარები. დარწმუნებული ვარ, არც აქვს ხოლმე წაკითხული ის ანგარიშები. მის შეფასებებს არ აღვიქვამ სერიოზულად და ვურჩევ, რომ კარგად გაეცნოს ხოლმე, უფრო კომპეტენტური პასუხები გასცეს, თუ მნიშვნელოვნად მიიჩნევს ჩემი განცხადებების შეფასებას", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ „ფორმულას“ ეთერში.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ პოლიტიკური პლატფორმიდან გაკეთებულ ბრტყელ განცხადებად შეაფასა სახალხო დამცველის შენიშნვა იმის შესახებ, რომ ქვეყანა დარჩენილია ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტური მექანიზმის გარეშე როდესაც საქმე საოკუპაციო ხაზთან გატაცებას და ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხება. ლომჯარია ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით მეტი ჩართულობაა საჭირო, მათ შორის ომბუდსმენის აპარატის და არასამთავრობოების.


