იუსტიციის სამინისტრომ ბაჩანა შენგელიასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება აღასრულა
15/07/2020 12:32:22 პოლიტიკა
ბაჩანა შენგელიას სანოტარო საქმიანობა აღუდგინეს - ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
შენგელია ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში დავა გაგრძელდება.
„ცხადია, არ გვაქვს ილუზია, რომ ამით საბოლოოდ რამე დასრულდა. ასე თვითნებურად პროგრამის გამორთვას, სრულიად უკანონოდ საქმიანობის შეჩერებას, მერე სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას აუცილებლად უნდა გაეცეს სამართლებრივი პასუხები. რა თქმა უნდა, დავა გაგრძელდება საკანონსტიტუციო სასამართლოში.
რა ფასადაც არ უნდა დამიჯდეს, არ დავუშვებ არც ცენზურის დაკანონებას, არც ვინმეს ახირებაზე და აშკარა უკანონობაზე გაჩუმებას", - წერს შენგელია.
ბაჩანა შენგელიას ნოტარიუსის საქმიანობა წელს 18 ივნისს შეუჩერდა. Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტების გამო მის წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოება დაიწყო. ამის შემდეგ საქალაქო სასამართლომ დაავალა იუსტიციის სამინისტროს მისთვის სანოტარო პროგრამებთან წვდომის აღდგენა, რაც არ სრულდებოდა.
ბაჩანა შენგელიამ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოშიც შეიტანა. იგი იმ ნორმის არაკონსტიტუციორად ცნობას ითხოვს, რომლითაც იუსტიციის სამინისტრომ მის მიმართ დისციპლინური დევნა დაიწყო.
შენგელიას მიაჩნია, რომ მის მიმართ დაწყებული კამპანია დედამისის, ია კერზაიას საქმის გაგრძელებაა, რომელიც მაღალი თანამდებობის პირებმა დაუკვეთეს.
ცნობისთვის: ია კერზაია 2018 წელს ინსულტის დიაგნოზით გარდაიცვალა. მისი ჯანმრთელობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც სკოლაში, სადაც ის დირექტორის თანამდებობას იკავებდა, შესამოწმებლად განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფი შევიდა და უწყების განცხადებით, მძიმე დარღვევები გამოავლინა. გარდაცვლილის ოჯახი ამბობს, რომ კერზაიამ სკოლაში მიმდინარე პროცესებზე ინერვიულა, ინსპექტირება კი, თავის მხრივ, მასზე წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირდებოდა. პროკურატურამ საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. შენგელიამ ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართა.


