Accentnews.ge
"აფხაზეთში საინტერესო პროცესები მიდის...ამდენად საჩვენო მდგომარეობა კარგა ხანია, არ შექმნილა"

"აფხაზეთში საინტერესო პროცესები მიდის...ამდენად საჩვენო მდგომარეობა კარგა ხანია, არ შექმნილა"

15/07/2020 13:19:09 პოლიტიკა

კონფლიქტოლოგი გიორგი კანაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს აანალიზებს და მწუხარებას გამოთქვამს, რომ ამისთვის "დრო არ რჩება".

"ბოლო ხანებია, აფხაზეთში საკმაოდ საინტერესო პროცესები მიდის. სამწუხაროდ, ჩვენ იმდენად ვართ მოცული საკუთარი პრობლემებით, რომ აფხაზეთისთვის ისევ არ გვრჩება დრო. არადა, ამდენად საჩვენო მდგომარეობა კარგა ხანი არ შექმნილა",– აღნიშნავს კონფლიქტოლოგი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

რაც შეეხება იმ მოვლენებს, რამაც კანაშვილის ყურადღება მიიპყრო და ზემოაღნიშნული დასკვნის გაკეთება მისცა, აფხაზურ–რუსულ ურთიერთობებს ეხება:

"ე.წ. საპრეზიდენტდო არჩევნების შემდეგ, აფხაზეთის მართვა ბჟანია-ანქვაბის ტანდემმა გადაიბარა. ბოლო თვეებია - ბჟანია და მისი მთავრობის წარმომადგენლები, რამდენიმეჯერ ეწვიან მოსკოვს. თუმცა განსაკუთრებული შედეგების გარეშე - მოსკოვი, სოხუმისთვის განკუთვნილ ფულს სრულად არ იძლევა.

პარალელურად, ხაჯიმბას ხელისუფლებისგან განსხვავებით, ბჟანია პერმანენტულად საუბრობს საქართველოსთან ურთიერთობების დალაგების აუცილებლობაზე. ამას წინად, მან აფხაზი პოლიტიკოსისთვის საკმაოდ თამამი განცხადებაც გააკეთა - ჩვენ საქართველოსგან აღიარებას არ ვითხოვთო. ამასთანავე, სულ რამოდენიმე დღის წინ, ბჟანია საქართველოსთან ვაჭრობისა და ეკონომიკური ურთიერთობების აუცილებლობაზეც ალაპარაკდა. თითქმის გადაწყვეტილია, რომ გალელებს აფხაზურ პასპორტებს დაუბრუნებენ; ან რაიმე ისეთ დოკუმენტს მისცემენ, რომელიც მათი საკუთრების უფლების გარანტი იქნება.

ამ ყველაფრის გამო, ბჟანია და ანქვაბი - სერიოზულ შიდა ზეწოლას განიცდიან; დარწმუნებული ვარ, ბჟანიას ეს აქტივობა - არც მოსკოვს დარჩენია შეუმჩნეველი და დიდად არ ეპიტნავებათ მისი ინიციატივები".

კონფლიქტოლოგი მიიჩნევს, რომ სექმნილ ვითარებაში ქართულ მხარეს შემდეგი ნაბიჯების გადადგმა შეუძლია:

  • დროულად უნდა დაინიშნოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში;
  • აუცილებელია შემხვედრი განცხადების გაკეთება, რომ ჩვენ მხოლოდ მივესალმებით ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დალაგებას და ა.შ., მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გზით;
  • რაც შეიძლება მალე, უნდა შედგეს დახურული შეხვედრა, სადაც მომავალი, ქართულ-აფხაზური ფორმატის კონტურები შეიძლება მოიხაზოს და ამავე შეხვედრაში ან შემდეგზე კარგი იქნებოდა, აფხაზებისთვის ევროპული პერსპექტივის შეთავაზება. ფორმულა: მეტი ევროპა საქათველოში, მეტი საქართველო ევროპაში - თავისუფლად შეგვიძლია გადავათამაშოთ აფხაზეთში. თუ ვინმეა დამბალანსებელი რუსეთის აფხაზეთში, თუნდაც ნაწილობრივ - დასავლეთია.
  • თუ დასავლეთს აფხაზეთისთვის ვხსნით, ამას რიგი მოთხოვნები უნდა მოჰყვეს. პირველ რიგში - გალელების უფლებრივი მდგომარეობის რადიკალური გაუმჯობესება; გადაადგილების თავისუფლების საკითხები (იგულისხმებიან საქართველოს მოქალაქეები) და ა.შ.

"მოკლედ, დროა მოქმედებისთვის! შესაძლოა, შემდეგი „შესაძლებლობის ფანჯარა“ კარგა ხანი არ გაიხნას...

პ.ს. წარმოიდგინეთ - ეხლა ანაკლია, რომ იყოს აშენებული, ან შენების პროცესში - რა ტიპის მიზიდულობას შექმნიდა!",– დასძენს კანაშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S