რუსეთი საქართველოსა და აშშ–ს პროვოკაციაში ადანაშაულებს

16-07-2020 01:59:13 პოლიტიკა

რუსეთის საგარეო უწყება აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის მორიგ მოწოდებას, შეასრულოს 2008 წელს ნაკისრი ვალდებულება, ხოლო ოკუპანტების მიერ დაჭრილი და დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლოს, ტრადიციული ბრალდებებით ეხმიანება, საქართველოს მისამართით კი არაკორექტულ ფორმულირებას იყენებს.

„საკმაოდ სერიოზული, ზოგჯერ პროვოკაციული ხასიათის დარღვევებისა და რუსული მხარის განწყობის მიუხედავად, რომ გადაჭრას ასეთი ტიპის საკითხები მაქსიმალურად არაპოლიტიზებულად და მოქნილად, სამწუხაროდ, თბილისში კიდევ ერთხელ ცდილობენ, მოაწყონ ამისგან პოლიტიკური სპექტაკლი, პასუხისმგებლობა სხვას დააკისრონ. ამ ვითარებაში განსაკუთრებულად უადგილოდ მიგვაჩნია, რუსეთის პროვოკაციებში, ამავე დროს მედვედევ-სარკოზის 2008 წლის 12 აგვისტოს გეგმის „უხეშ დარღვევასა“ და გაერო-ს გენერალური მდივნის მოწოდების უპატივცემულობაში დადანაშაულება, პანდემიის პერიოდში ცეცხლის საყოველთაოდ შეწყვეტის მოწოდებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყება მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, „დაასრულოს პროვოკაციული ქმედებები და განცხადებები და გამოიყენოს რუსეთთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან არსებული დიალოგის ფორმატები“:

„საქართველოს ხელისუფლებისგან მოველით, უფრო ენერგიულ განმარტებით სამუშაოებს საკუთარ მოსახლეობასთან, რათა არ დაუშვან საზღვრის უკანონო კვეთის ახალი შემთხვევები“.

განცხადების თანახმად, „გახშირებული სასაზღვრო ინციდენტები კიდევ ერთხელ ადასტურებს თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის, მოლაპარაკებების სწრაფად დაწყების მნიშვნელობას, საზღვრის დემილიტარიზაციისა და დემარკაციის, ასევე ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივ, იურიდიულად სავალდებულო განცხადებასთან დაკავშირებით“:

„ცალკე გვსურს, აღვნიშნოთ სახელმწიფო დეპარტამენტისა და თბილისში აშშ-ს საელჩოს პროვოკაციული კომენტარები, რომლებიც უკვე ამერიკელებისთვის ტრადიციულ მანერად იქცა. მომხდარის არსში გარკვევის გარეშე, იცავენ თავიანთ ქართველ აღსაზრდელებს და ადანაშაულებენ მოსკოვსა და ცხინვალს. ეს ყველაფერი სულ მცირე ძირს უთხრის ვაშინგტონის, როგორც ჟენევის დისკუსიების მიუკერძოებელი მონაწილის პოზიციებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე საუბარია ზაზა გახელაძეზე, რომელიც ოკუპანტებმა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაჭრეს და დააკავეს:

„11 ივლისს 33 წლის სამხედრო ფორმაში მყოფი საქართველო მოქალაქე, რომელიც ნახევრადავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე , სასაზღვრო ხაზიდან 300 მეტრის სიღრმეში იმყოფებოდა, სადაც რუს მესაზღვრეებს გადაეყარა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ის მიმალვას შეეცადა და 10-მდე გასროლა განახორციელა რუსი სამხედროების მისამართით.

ყურადღებას ვამახვილებთ, რომ ჩვენების მიცემისას მან აღიარა, რომ გამიზნულად და მიზანმიმართულად გადაკვეთა სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი“.

შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა პანდემიის მიუხედავად, მავთულხლართების გავლების პროცესი რამდენიმე ლოკაციაზე განაახლეს, ასევე გაიტაცეს საქართველოს მოქალაქეები.

იხილეთ ასევე: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს ზაზა გახელაძის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ახალი ამბები

სხვა სიახლეები