ვოლსკი კრემლის რიტორიკის ცვლილებას შემაშფოთებლად მიიჩნევს

16-07-2020 12:18:31 პოლიტიკა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის შეფასებით, კრემლის „რიტორიკა მნიშვნელოვნად შეცვლილია: მაღალ პოლიტიკურ დონეზეა აყვანილი“. და აქედან გამომდინარე ვოლსკი შემაშფოთებლად მიიჩნევს, რომ „ოკუპანტი, თავად საერთაშორისო რეგლამენტისა და კანონების დამრღვევი და უკანონო საოკუპაციო ხაზების დამდგენი მხარე, ამ დონის პოლიტიკურ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, რასაც ადრე საყოფაცხოვრებო ფორმატში განიხილავდა – ე.წ. საოკუპაციო ხაზის, მათი აზრით, „საზღვრის“ დარღვევას; ხაზს უსვამს ამერიკისა და საქართველოს, რაღაც პოლიტიკურ გაერთიანებას რუსეთის წინააღმდეგ“.

„ეს არის მცდელობა, რომ სერიოზული შიდა პრობლემები გარეთ გამოიტანოს და რუსეთის მიმართ საფრთხის ილუზია შექმნას იმით, რომ ვთქვათ, სადღაც მონადირე დააკავეს დაღესტანში და საოკუპაციო ხაზი გადაკვეთა ადამიანმა, რაც ხშირად ხდება იმის გამო, რომ ასეთი ხაზი, როგორც „საზღვარი“ სახელმწიფოთა შორის არ არსებობს. ეს განცხადებები ზედ ედება ლუგარის ლაბორატორიის თაობაზე განცხადებებს. ეს ყველაფერი პოლიტიკურ ასპექტებზე მიუთითებს მაშინ, როცა ეს თემები გარკვეულ საყოფაცხოვრებო, ყოველდღიურ გადაცდომებად ჰქონდა ადრე მოხსენიებული. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება მართებს არამხოლოდ საქართველოს, არამედ მის პარტნიორ ქვეყნებს: აშშ-ს, ევროკავშირს და ა. შ. საკმაოდ სერიოზული დიპლომატიური აქციებია საჭირო ამასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის: რუსეთის საგარეო უწყებამ 15 ივლისს ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველო და აშშ პროვოკაციებში დაადანაშაულა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები