„იციან, რომ უპრინციპო ხარ!“ – ამჯერად რას ცდილობს რუსეთი?

16-07-2020 19:31:39 ანალიზი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მორიგი ბრალდებების სერიას და ცინიკურ ტონს, რაც ერთგვარ შეტევით ხასიათსაც ატარებს, ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად აფასებენ ქართული პოლიტიკური სპექტრის ნაწილში, თუმცა მასში შემაშფოთებელ გარემოებებს განსხვავებული მიმართულებებით ხედავენ: მაგალითად, პარლამენტის ვიცე–სპიკერი გია ვოლსკი იმ ვითარებამ შეაშფოთა, რომ თუ აქამდე კრემლი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეების გატაცებას საყოფაცხოვრებო ინციდენტებად განიხილავდა, ამ ჯერზე რიტორიკა შეიცვალა.

„აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება ჰმართებს არამხოლოდ საქართველოს, არამედ მის პარტნიორებს – აშშ-ს, ევროკავშირს და ა. შ. საკმაოდ სერიოზული დიპლომატიური აქციებია საჭირო ამასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ვოლსკიმ თემის კომენტირებისას.

პროვოკაციულ და საფრთხის შემცველად შეაფასა ლავროვის უწყების საჯარო პოზიცია პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ:

"რუსეთის განცხადება, გარდა იმისა, რომ არის პროვოკაციული, ასევე არის ძალიან სერიოზული საფრთხის შემცველი მთელი რეგიონული უსაფრთხოებისთვის. რუსული განცხადებები სავსეა ცინიზმით, ვინც უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, ეს გახლავთ სწორედ რუსეთის ფედერაცია".

„ევროპული საქართველოს“ წევრი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე სერგი კაპანაძე კი ფიქრობს, რომ კრემლი ჟენევის მოლაპარაკებებში შეერთებული შტატების როლის შემცირებას ცდილობს:

„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეტევაზე გადმოვიდა: ახლა პირდაპირ ცდილობს, რომ ჟენევის მოლაპარაკებებში ამერიკის შეერთებული შტატების როლი შეამციროს. აქეთ გვაკისრებს პასუხისმგებლობას იმ ინციდენტებზე, რომელიც ხდება ხოლმე საოკუპაციო ხაზთან, მათ შორის ჩვენი მოქალაქეების გატაცებაზე, მათ დაჭრაზე და ა.შ. ამ განცხადებიდან სწორედ ეს შთაბეჭდილება რჩება, რომ სრულიად უპასუხო იქნება მათი ეს პროვოკაციული განცხადება და მათი ეს შეტევა“.

ხოლო საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი დავით ზალკალიანი რუსეთის მწვავე რეაქციას უპირველესად, საქართველოს მოქალაქის დაჭრ–დაკავებაზე ქართული მხარის მიერ საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებას უკავშირებს:

„ვენაში ჩვენი ინიციატივით ეუთო-ს მუდმივი საბჭოს ფორმატში მიმდინარეობს ამ საკითხის განხილვა, სადაც ასევე ველოდებით ძალიან მწვავე განცხადებებს ევროკავშირის და სხვა პარტნიორი ქვეყნების მხრიდან. ეს ყველაფერი რუსეთს აგდებს თავის მართლების პოზიციაში და სწორედ ამ განცხადებაში ჩვენ ვხედავთ მათ გაღიზიანებას, აგრესიულ ტონს და ასევე ფოკუსის გადატანის მცდელობას სხვა მიმართულებით. ისინი ერთგვარად ცდილობენ, საკუთარი თავის დისტანცირებას, რასაც მუდმივად აკეთებენ ჟენევის ფორმატში იმის მტკიცებით, რომ ეს რუსეთი არ არის მხარე. სწორედ ამის დემონსტრირებაა ცინიკური განცხადება, რომელიც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის“.

და მაინც, ამჯერად რას ცდილობს რუსეთი? – საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტის გიორგი გობრონიძის დაკვირვებით, რუსეთი ჩვეულ პოლიტიკურ ხაზს აგრძელებს, ამდენად მასში ახალი არაფერია.

„უბრალოდ, ცდილობს, საერთაშორისო არენაზე გამოჩნდეს, როგორც, ვითომ კონსტრუქციული მოთამაშე. მაგალითად, აზერბაიჯან–სომხეთის დაპირისპირებაში ჩვეულებრივზე თავშეკავებული იყო მისი ოფიციალური პოზიცია (ქმედებები ცალკე თემაა)“,– ამბობს „აქცენტთან“ გობრონიძე, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ როდესაც ბრალდებები ისმის, იგივე პროვოკაციებთან დაკავშირებით, ეს საყურადღებო უნდა იყოს:

„თუ რუსეთი ჩვენს რომელიმე მოქმედებას პროვოკაციად აფასებს, რა თქმა უნდა, ის ეძებს სივრცეს, რომ რაღაც ეტაპზე ეს „პროვოკაციები“ აღკვეთოს. შესაბამისად, თუ ეს შეფასებები სამომავლოდაც გაგრძელდება, ეს მიანიშნებს, რომ რუსეთს დღის წესრიგში აქვს იმგვარი მოქმედებები, რომლებიც შეიძლება, ჩვენთვის ძალიან დამაზიანებელი იყოს და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს შემდგომში შეფუთავს ქართული მხარის პროვოკაციების აღკვეთად, იქნება ე.წ „ბორდერიზაციის“ ხელახალი პროცესი (რასაც ისედაც ახორციელებს), სამხედრო დანაყოფების დამატებითი გაძლიერება, რეგიონში დამატებითი შეიარაღების გამოჩენა... რა თქმა უნდა, რუსეთი შეეცდება, ამ ყველაფერს უსაფრთხოების პერსპექტივიდან მოუძებნოს ახსნა – თითქოს „ქართული მხარე ამერიკელებთან ერთად რაღაც პროვოკაციებს ახორციელებს, მოსკოვი კი მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას ცდილობს. ამდენად, ამგვარი განცხადებები ჩვენთვის გარკვეული სიგნალი და შეშფოთების საფუძველიც უნდა იყოს: უნდა მოვემზადოთ, რომ რუსეთი ადმინისტრაციულ საზღვრებთან უსაფრთხოების ზომებს გააძლიერებს და მისი განცხადებებიც ამ საფუძვლის მომზადებას ემსახურება, რაც რეგიონში ჰუმანიტარულ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს“.

ე.წ. საფუძვლები კი რუსეთს არა მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოებისთვის, არამედ შიდა პოლიტიკური მოხმარებისთვისაც სჭირდება,– ამბობს ექსპერტი:

„როგორი ავტორიტარულიც არ უნდა იყოს რუსეთის ფედერაცია, შიდა ლეგიტიმაცია მაინც სჭირდება. რაც შეეხება საერთაშორისო არენას, რუსეთი ცდილობს, ჰქონდეს არგუმენტი, რაც მის მოკავშირე სახემწიფოებს სინდისის დამშვიდების შესაძლებლობას მაინც მისცემს. რუსეთს სჭირდება მხარდაჭერა, რათა საკუთარი მოქმედების ლეგალურობის იმიტაცია – ალტერნატიული რეალობა შექმნას. ამდენად, ის მხოლოდ ნაჯახის რეჟიმში ვერ იმოქმედებს: მას სჭირდება გარკვეული საფუძვლის მომზადება, რათა შემდეგში თავისი ქმედებები ახსნას“.

რაც შეეხება საქართველოს სამოქმედო გეგმას, ის რამდენიმე ძირითად მიმართულებაზე საუბრობს:

  • ქართულმა მხარემ უნდა იზრუნოს საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაზე იქ მცხოვრები ადამიანებისთვის, იქნება ეს დამატებითი საპოლიციო ძალები, საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმები;
  • მეტი დიპლომატიური აქტიურობა: ქართულ მხარეს პროაქტიურობა აკლია;
  • რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირება.

„ის ანომალიური, მაღალი ეკონომიკური დამოკიდებულება, რაც დღეს საქართველოს რუსეთთან აქვს, მოქმედების შესაძლებლობას ძალიან გვიზღუდავს: ჩვენ რომ სანქციების გაღრმავება ვითხოვოთ, ლოგიკურია, რუსეთი რუსი ტურისტების საქართველოში მოგზაურობის, რუსულ ბაზრებზე ქართული პროდუქციის დაშვების საკითხს დააყენებს“,– ფიქრობს ექსპერტი და ყურადღებას იმ გარემოებაზე ამახვილებს, რომ საქართველო, მიუხედავად ჩინეთთან და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებისა, მას ეფექტურად არ იყენებს.

გობრონიძე ორმაგი სტანდარტის არსებობაზე საუბრობს და საზოგადოებას შეახსენებს, რომ რუსულ ინვესტიციას პოლიტიკური ინტერესიც თან სდევს:

„იმ პოზიციას, რასაც ქართველებს რუსეთის მიმართ აქვთ, ორმაგი სტანდარტიც აღარ ჰქვია: შენგელია, რომ გადავიდა რუსულ კლუბში, უცებ გაგვახსენდა, რომ ეს ცუდი საქციელია, იმავდროულად რუსეთის საგარეო ვაჭრობის ბანკი გვიფინანსებს საფეხბურთო ნაკრებს და კაპიტნიდან დაწყებული, ყველას VTB აწერია გულზე ქართული ჰიმნის ქვეშ. ქვეყანას, რომლის შეიარაღებული ძალებიც შენს ტერიტორიაზე განგრძობად ოკუპაციას ახორციელებს, არ შეიძლება, მას ეკუთვნოდეს ამდენი სტრატეგიული ობიექტი, იყოს შენი ეკონომიკური პარტნიორი. როგორ წარმოგიდგენიათ, ქვეყანა, რომლისთვისაც საქართველოს სახელმწიფოებრიობა მიუღებელია, ქართული ეკონომიკური აღორძინებისთვის ინვესტიციებს ჩადებს? რაღა მაინც და მაინც პორტში უნდა ინვესტიციის განხორციელება? რატომ უნდოდა ენგურჰესის შესყიდვა? რატომ აინტერესებს სტრატეგიული მილსადენები და არა მაგალითად, ჩვენი ნაყოფიერი მინდორველები?“.

მისი თქმით, ჩვენი თავდაცვის ამოცანა უნდა იყოს ის, რომ იმაზე ძვირი დაუჯდეს რუსეთს ჩვენი დაპყრობა, ვიდრე სარგებელს მიიღებს; რომ მას ესმოდეს, თითოეული დესტრუქციული ნაბიჯისთვის მაღალ ფასს გადაიხდის საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლით, მაგრამ საქართველომ ამას რომ მიაღწიოს, ეს ნაბიჯი თავად მას არ უნდა აზარალებდეს:

პრობლემა ისაა, რომ დღეს ამის გაკეთება ჩვენც გვაზარალებს: ვიხვეწებით, „ჩემი ატამი, მწვანილი და ღვინო შენს ბაზარზე დაუშვი, ტურისტები გამოგვიგზავნეო“, იმ რეალობამდე მივდივართ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გარღრმავებას თავად არ დავუჭერთ მხარს – უკრაინის შემთხვევაში ხომ ასე მოვიქეცით?! ნებისმიერი თავმოყვარე სახელმწიფო კი სწორედ ამ საკითხზე იზრუნებდა. რას ჰქვია შენი მოქალაქე მოკლეს, ესროლეს – ბებიას ბოსტანში გადასულებივით იქცევიან და ასეც გვიყურებენ, პატივს არ გცემენ, რადგან იციან რომ უპრინციპო ხარ: ერთის მხრივ ოკუპანტს ეძახი, მეორეს მხრივ – საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავ, „დაგმეთ ჩემი ჟურნალისტი, რადგან პუტინს აგინაო“ – ეს რა უბედურებაა?!“.

გობრონიძე ამბობს, რომ დიალოგს ალტერნატივა (თუმცა არა ერთი–ერთზე) არ აქვს, მაგრამ პრობლემები იქ იწყება, თუ რას ვთავაზობთ რუსეთს – რატომ გაითვალისწინოს მან ჩვენი ინტერესი, როდესაც ჩვენს გამო პრობლემები არ ექმნება.

„შენს გამო რატომ უნდა შეიწუხოს სხვამ თავი, როდესაც შენ არ იწუხებს? არ შეიძლება, ქვეყანა #1 მტერი და იმავდროულად #3 ეკონომიკური პარტნიორი იყოს – ეს ანომალიაა“,– ამბობს ანალიტიკოსი და დასძენს, რომ უთავმოყვარეო პოზიციიდან ოკუპაციას ეფექტურ წინააღმდეგობას ვერავინ გაუწევს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები