ზალკალიანი განმარტავს, ბრიუსელიდან დაბრუნებისას კარანტინი რატომ არ გაიარა
17/07/2020 08:12:54 პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი განმარტავს, ბელგიაში მოგზაურობის შემდეგ რატომ არ გაიარა კარანტინი, რაც საქართველოს მოქალაქეებისთვის სავალდებულოა.
ზალკალიანი ამბობს, რომ მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებით, ქვეყნის ოფიციალური დელეგაციის წევრს, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სავალდებულო კარანტინის გავლა არ სჭირდება. მისივე თქმით, დადგენილების თანახმად, დელეგაციის წევრმა ყოველ 72 საათში ერთხელ PCR ტესტი უნდა ჩაიტაროს.
"მინდა, დაგამშვიდოთ, არ ინერვიულოთ და გაეცნოთ! საქართველოს მთავრობის 332-ე დადგენილების 11(1) მუხლის ბ პუნქტის თანახმად, რომელიც ადგენს საქართველოს სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციების უცხო ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტებიდან დაბრუნების წესს, აღნიშნულია, რომ ვიზიტიდან დაბრუნებული დელეგაციის წევრები ვალდებულნი არიან, საქართველოში შემოსვლიდან 14 დღის განმავლობაში ყოველ 72 საათში ჩაიტარონ PCR კვლევა.
2020 წლის 13-14 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ბრიუსელში, სადაც შეხვედრები გაიმართა ნატო-სა და ევროკავშირში.
საგარეო საქმეთა მინისტრს და დელეგაციის სრულ შემადგენლობას ბრიუსელში ვიზიტიდან დაბრუნებისთანავე, საქართველოს მთავრობის 332-ე დადგენილების 11(1) მუხლის ბ პუნქტის შესაბამისად, ჩაუტარდა PCR კვლევა და კვლევის შედეგები არის უარყოფითი.
სამწუხაროა, რომ ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ მათ ძალიან კარგად იციან დადგენილების აღნიშნული რედაქცია, კვლავ აქვს ადგილი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას და ამ თემით სპეკულაციას, ხოლო იმ შემთხვევაში თუ არ ეცნობიან შესაბამის საკანონმდებლო აქტებს, ეს კიდევ უფრო მეტად მიუთითებს კანონმდებლობის მიმართ მათ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებაზე", - წერს ზალკალიანი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.


