
„წითელი ჯვარს“ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის მონახულების საშუალება ამ დრომდე არ ეძლევა
17/07/2020 09:39:36 კონფლიქტები
„წითელი ჯვარს“ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის მონახულების საშუალება ამ დრომდე არ ეძლევა. თუმცა როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში აცხადებენ, მისი ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
“ინტენსიურ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ისინი საქმის კურსში არიან ამ უკანონო ფაქტის შესახებ. ამავდროულად ჩვენ ვმუშაობთ „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო ორგანიზაციასთან. მათი ადგილობრივი წარმომადგენლობა დღემდე ცდილობს, რომ შევიდეს და მოინახულოს უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძე და უფრო მეტი დეტალი იცოდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და თუ შესაძლებელი ადგილზე აღმოუჩინოს დახმარება. ჩვენი ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. იმედს ვიტოვებთ, რომ ის ძალიან მალე დაუბრუნდება საკუთარ ოჯახს", – განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლია გიგაუმა.
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 33 წლის ზაზა გახელაძე გამყოფ ხაზთან 11 ივლისს დააკავეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დაკავებისას ე.წ. მესაზღვრეებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც გახელაძე ქვედა კიდურის არეში დაიჭრა. იგი ამ დრომდე ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში უკანონო პატიმრობაში იმყოფება.
იხილეთ ასევე: „იციან, რომ უპრინციპო ხარ!“ – ამჯერად რას ცდილობს რუსეთი?