
ივანიშვილს 9–წუთიანი გამოსვლა ტაშით 15–ჯერ შეაწყვეტინეს
20/07/2020 08:25:19 საშინაო პოლიტიკა
პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა. ღონისსძიებაზე მმართველი პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი სიტყვით გამოვიდა. მისი სიტყვით გამოსვლა ხანგრძლივი ტაშით დაიწყო და დასრულდა.
ივანიშვილს 9–წუთიანი გამოსვლა ტაშით 15–ჯერ შეაწყვეტინეს.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შეფასებით, დღევანდელმა ხელისუფლებამ ქვეყანა ბევრი მიმართულებით წინ წაიყვანა და პროგრესი თვალსაჩინოა პრაქტიკულად ყველა სფეროში. თუმცა, როგორც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, არავინაა ილუზიის ტყვეობაში, რომ ყველაფერი დალაგდა და პრობლემები აღარ არსებობს, ამიტომ ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ ქვეყანამ შეუქცევადად გააგრძელოს განვითარება.
ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ ამ შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ კვლავ დამაჯერებლად გაიმარჯვებს:
„ამის რწმენას მაძლევს ჩვენი ხალხი, რომლისთვისაც დღეს კიდევ უფრო ცხადი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ თითოეული ნაბიჯი ხალხს, ჩვენი სამშობლოს წინსვლას და სიძლიერეს ემსახურება. მოდით, კვლავაც ერთად ვაშენოთ ჩვენი ქვეყანა. კვლავაც ერთად ვიაროთ წინ ევროპისკენ. კვლავაც ერთად ვაშენოთ დემოკრატია. კვლავაც ერთად ვიაროთ ჩვენი ერთიანი და ძლიერი, ჩვენი საოცნებო საქართველოსკენ. კვლავ ერთად საქართველოს წარმატებისთვის“.
ამასთან, მან კრიზისი დროს წინა ხელისუფლების მოქმედებებზე ისაუბრა და ამ კონტექსტში რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ომზეც გააკეთა მინიშნება:
"ჩვენ ისეთი ხელისუფლებაც გვყოლია, რომელმაც თავისი უგუნურობით ისიც კი ვერ მოახერხა, რომ ქვეყანისთვის აეცილებინა კრიზისი, რაც სავსებით შესაძლებელი იყო და არათუ დაიცვა მოსახლეობა განსაცდელისაგან, არამედ ბედის ანაბარა მიატოვა ხალხი. გვახსოვს, როგორ გარბოდნენ ზოგიერთები ბრძოლის ველიდან და ქვეყნიდანაც კი. ეს ის ტრავმაა, რომელიც ჯერაც არ მოუშუშებია ჩვენს ხალხს.
სულ ახლახან, როდესაც კენჭი ეყრებოდა საკონსტიტუციო ცვლილებებს, მათ უარი თქვეს ამ პროცესში მონაწილეობაზე და ამით საკუთარ თავსაც კი აჯობეს. აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ეს ხალხი უბრალოდ ხავსს ეჭიდება - მათთვის მთავარია ძალაუფლების ხელში ჩაგდება და რევანში იმ 8-წლიანი თავისუფლებისთვის, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად მოვიპოვეთ და ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზაზე დავაყენეთ. მე მჯერა, ჩვენს ხალხს აქვს იმის სიბრძნე, რომ სწორი დასკვნები გამოიტანოს და ყველაფერს დაარქვას თავისი სახელი", – განაცხადა ივანიშვილმა.
გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილმა განათლება და ეკონომიკური კეთილდღეობა დაასახელა მომდევნო წლებში „ქართული ოცნების“ სამოქმედო გეგმად და მიზნად.
აღსანიშნავია, რომ მას არც ერთი სიტვით არ უხსენებია ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძე. შეგახსენებთ, რომ ზაზა გახელაძე ოკუპანტებმა 11 ივლისს დაჭრეს და გაიტაცეს საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან. "წითელ ჯვარს" მისი მონახულების საშუალება ამ დრომდე არ მისცემია. დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღემდე უცნობია.