
ოპოზიცია: "ოცნების“ მაჟორიტარული სია კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ არჩევნებზე ჩვენი დამაჯერებელი გამარჯვება გარდაუვალია"
20/07/2020 10:05:00 საშინაო პოლიტიკა
ოპოზიციის წარმომადგენლები ქართული ოცნების“ მაჟორიტარული სიას ეხმიანებიან და აცხადებენ, რომ მმართველი პარტია "სრულიად გაკოტრებულია" და არჩევნებზე ოპოზიციის "დამაჯერებელი გამარჯვება გარდაუვალია".
„ისინი ძალიან ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ მათ აქვთ რესურსი, მოიზიდონ ახალი კადრები. საზოგადოებას ახალ სახეებს და განახლებულ შემადგენლობას წარუდგენენ. ვნახეთ, რომ არა თუ არანაირი სიახლე არ არის მაჟორიტარების წარდგენილ კანდიდატებში, არამედ ეს ის ხალხია, ვინც სხვადასხვა დროს, ზოგიერთი მათგანი სხადასხვა ხელისუფლებას ემსახურებოდა.
ერთადერთი ღირსება და ყველა ამ კანდიდატის საერთო, გამაერთიანებელი ნიშანი არის ის, რომ ისინი უსიტყვოდ დაემორჩილებიან ბიძინა ივანიშვილის ყველა მითითებას, ყველა ბრძანებას.
ეს მაჟორიტარული სია კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციის ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება გარდაუვალია“,- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა.
"ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი წევრი რომან გოცირიძე "ქართული ოცნების" სიას "წარუმატებლობის ფორმულად" აფასებს.
"თუ გვინდა, რომ წარმოვიდგინოთ წარუმატებლობის ფორმულა ადამიანური გამოსახულებით, ეს ვიხილეთ დღეს ჩვენ. ადამიანები, რომლებმაც 8 წლის განმავლობაში ქვეყანა მიიყვანეს კატასტროფამდე.
3 თუ 4 წევრია ნაკრების, ფეხბურთს ვთამაშობთ, თუ რაგბის? ვთამაშობთ ქვეყნის გადარჩენის გეგმას, ვის რაში სჭირდება ეს მომღერლები სპორტსმენები, ყველას ხომ თავისი ადგილი აქვს“, -განაცხადა რომან გოცირიძემ.
"ევროპული საქართველოს" წევრი გიგი უგულავა ყურადღებას იმ ფაქტზეც ამახვილებს, რომ "ოცნების“ მაჟორიტარულ სიაში მხოლოდ ერთი ქალი ფიგურირებს:
„მუნჯების, არაფრისმაქნისი, ფულს დახარბებული, პირადი პატრონ ყმობით შერჩეული მაჟორიტარების კოხორტა. მითხარით, მიკროფონთან თუ მისულა ენუქიძე, ბოლქვაძე, ოდიშარია, ხახუბია, ჭიჭინაძე. ერთი ქალი წამლად. დაღლილი სახეები. ესაა დღეს 41“.
ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, "მმართველი გუნდის საქმე დამთავრებულია" და "ქართულ ოცნებას" მოუწოდა, რომ ხელისუფლების გადაბარებაზე მუშაობა დაიწყოს:
„დღეს კოჯრის ტყეში გამართულმა პანაშვიდის მსგავსმა სამთავრობო თავყრილობამ, რომელსაც აკლდა ბეთჰოვენის სამგლოვიარო მარში და "თავო ჩემო", კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა, რომ მმართველი პარტიის საქმე დამთავრებულია. ამავდროულად კიდევ ერთხელ დადასტურდა ძველი ქართული სიბრძნე, რომ "არ განემართების ძაღლის კუდი და არცა კირჩხიბი მართლად ვლის". მმართველ გუნდს აღარ შეუძლია განახლება, ამას ადასტურებს წარმოდგენილი მაჟორიტარი კანდიდატები, სადაც მთელი თანავარსკვლავედია თაღლითების, ზონდერების ოლიგარქების, მლიქვნელების, მტაცებლების, კორუმპირებულების.
ამიტომ, ხელისუფლებას დარჩა ერთადერთი გზა, დაიწყოს ძალაუფლების გადაბარებაზე რეალური მუშაობა. ხოლო ოპოზიციამ დაიწყოს მომავალ კოალიციურ მთავრობაზე კონსულტაციები, რათა ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად გამოვიყვანოთ არსებული ჩიხიდან“.
შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა დღეს პარტიის მაჟორიტარი კანდიდატების სია ოფიციალურად წარადგინა.