21-07-2020 10:26:33 საზოგადოება
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 21 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 218 791 პირი. მათგან 121 520 პირმა მიიღო 300 ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 36 456 000 ლარი.
რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა 225 756 პირს. გადარიცხული თანხა ჯამში შეადგენს 45 151 200 ლარს. აქედან მაისის თვის კომპენსაცია - 14 426 200 ლარი 72 131 პირზე და ივნისის თვის კომპენსაცია - 30 725 000 ლარი 153 629 პირზე. თანხები ეტაპობრივად ირიცხება.
სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა 1-ელ აგვისტომდე გახანგრძლივდა. უკვე რეგისტრირებულ პირებსაც ეძლევათ შესაძლებლობა არასრული/დაუზუსტებელი მიმაგრებული დოკუმენტაცია გაანახლონ 2020 წლის 1 აგვისტომდე.
ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებულთა წრე გაფართოვდა და დახმარებით საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანებიც სარგებლობენ.
მოქალაქეები უნდა დარეგისტრირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე https://compensation.moh.gov.ge