
„ვხედავთ, პუტინი რა დღეშიცაა და პროვოკაცია სრულიად შესაძლებელია, მაგრამ ეს იქნება საქართველო, უკრანა, თუ ბალტიისპირეთი, არ ვიცით“
21/07/2020 12:10:22 პოლიტიკა
ამერიკელი კონგრესმენი, საქართველოს მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელი ადამ კინზინგერი აცხადებს, რომ კრემლის მხრიდან პროვოკაცია სავსებით მოსალოდნელია, მით უფრო, რომ ვლადიმირ პუტინს პრობლემები აქვს. ამის შესახებ კონგრესმენმა საქართველოს საზღვრებთან რუსული წვრთნებისა და შავ ზღვაში სამხედრო კონტინგენტის ზრდის შეფასებისას განაცხადა.
„რუსეთის მხრიდან პროვოკაცია სრულიად შესაძლებელია, რადგან ვხედავთ, პუტინი რა დღეშიცაა: მისი პოპულარობა იკლებს, მას საქმე კარგად არ აქვს კორონავირუსისა და ნავთობის ფასის კლების გამო, კარგავს ფულს მიუხედავად იმისა, რომ მუდმივი პრეზიდენტი გახდა – ამ ფონზე პროვოკაცია სრულიად შესაძლებელია, თუმცა ეს იქნება საქართველო, უკრანა, თუ ბალტიისპირეთი, არ ვიცით“,– განაცხადა „მთავარ არხთან“ ინტერვიუში კინზინგერმა.
მისი თქმით, რუსული თამაშის წესია, შექმნას დაძაბულობა, განსაკუთრებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რათა საქართველოს საკითხმა დროებით უკანა პლანზე გადაიწიოს:
„შემიძლია, მკაფიოდ ვთქვა, რომ ევროპაში მხოლოდ რამდნიმე ქვეყანაა, რომელიც საქართველოს ნატო–ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება. მე სრულიად ვუჭერ მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას.
რუსული თამაშის წესია, შექმნას დაძაბულობა, განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომ საქართველოს საკითხი დროებით შეჩერდეს და მან უკან გადაიწიოს. მე კი ვფიქრობ, რომ სწორედ ამიტომ უნდა გახდეს საქართველოს ნატო–ს წევრი: ის თავისუფლებისთვის მებრძოლია, ავღანეთში ჩვენთან ერთად იბრძვის, ქართველ ხალხს სურს, ჰქონდეს დასავლური ორიენტაცია და ამიტომ, ჩვენ მათ მხარი უნდა დავუჭიროთ“.