„ვიდრე კანდიდატს დამიყენებდით, გაგერკვიათ!“ – გოცირიძისა და უგულავას დავა
22/07/2020 15:52:54 პოლიტიკა
გიგი უგულავა ზუგდიდში თუ დააყანებს კანდიდატურას, გამორიცხულია მხარდაჭერა, რადგან ზუგდიდში ჩვენი კანდიდატურა გვეყოლება. ეს რეგიონი განსაკუთრებული მხარდაჭერით გამოირჩევა „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„ჩვენი პრინციპული მიდგომაა, რომ როდესაც 120 მანდატი იქნება პროპორციული სიით, სადაც კი მაჟორიტარი არ გეყოლება, იქ აუცილებლად ზიანდება სია. ვეძებთ ისეთ კანდიდატებს, რომლებიც კონკურენტუნარიანი იქნებიან. შერჩევის პროცესი ადვილი არ არის. თუ ვანო მერაბიშვილი დააყენებს თავის კანდიდატურას, სადაც მას აქვს ძალიან დიდი ავტორიტეტი, ამაში გასაკვირი არაფერი იქნება. გუნდს ჯერ რეგიონებთან დაკავშირებით მაჟორიტარი კანდიდატები განხილული არ ჰყავს“, – აცხადებს გოცირიძე.
მისივე თქმით, ასევე შეუძლებელია, ვინმემ თავისი კანდიდატურა შესთავაზოს „ნაციონალურ მოძრაობას“ ქუთაისში, რადგან პარტიის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იქნება:
„ზოგადი პრინციპი ასეთია – თითქმის ყველგან რეგიონში ჩვენი კანდიდატურა გვეყოლება. ოპოზიცია თბილისში პარტნიორები ვართ და რეგიონებში კონკურენტები, ხოლო მომავალ კოალიციურ მთავრობაში ვართ ერთიანები“.
გოცირიძეს სოციალური ქსელის მეშვეობით უპასუხა გიგი უგულავამ:
„ჩემო ძვირფასო, ბატონო რომან. „ევროპული საქართველო“ არის მთავარი ლოკომოტივი ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევის, რადგან ეს მიგვაჩნია ივანიშვილის რეჟიმზე გამარჯვების მნიშვნელოვან წინაპირობად. ასევე ვთვლით, რომ მაჟორიტარის შეჯერება არ ავნებს პარტიებს პროპორციულ ნაწილში, მარტივად პარტიებს ამით ხმები არ აკლდებათ. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეთანხმებებით ვმოქმედებთ და იმედი მაქვს, რომ ენმ-ც ასე მოიქცევა. ზოგადად, ზუგდიდში კენჭისყრაზე არც მიფიქრია და ვიდრე კანდიდატს დამიყენებდით, იქნებ გაგერკვიათ“, – წერს უგულავა.


