
ექსპერტიზის ბიურო თამარ ბაჩალიაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
23/07/2020 05:26:02 სამართალი
სამხარაულის ბიუროში თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის ექსპერტიზა დასრულდა და ბიურო მზად არის ოჯახს ცხედარი გადასცეს.
„სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიურო უპირველეს ყოვლისა გამოვთქვამთ მწუხარებას თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ ოჯახს.
ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განმარტავს, რომ ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში ამ დრომდე მიმდინარეობდა გვამის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და ამჟამად დასრულებულია. ექსპერტიზა ჩაატარა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებმა და ესწრებოდა ოჯახის მიერ წარდგენილი პირი. ამ მომენტისთვის ბიურო მზად არის ოჯახს გადასცეს გარდაცვლილის ცხედარი.
სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ბიუროს გარდაცვლილის ახლობლებმა მოთხოვეს ყინული და მათ ბიუროს მხრიდან ეთქვათ უარი. ასეთი შინაარსის კომუნიკაცია ბიუროს ექსპერტებსა და ოჯახის წარმომადგენლებს შორის არ შემდგარა.
აქვე განვმარტავთ, რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტს აქვს სპეციალური, შესაბამისი დანადგარები, რომელშიც ხდება გვამის განთავსება იმ დრომდე, ვიდრე ოჯახის წევრების მიერ არ მიიღება გადაწყვეტილება გარდაცვლილის გადასვენების შესახებ. აღნიშნული პროცედურა არაერთხელ განხორციელებულა ბიუროში. ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა ბიურო მზად არის განათავსოს გარდაცვლილის ცხედარი სპეციალურ სივრცეში, ოჯახის მხრიდან გაადასვენების მზაობის გამოთქვამდე.
ბიურო არის საექსპერტო დაწესებულება და არც ამ და არც სხვა შემთხვევაში, საექსპერტო დაწესებულებას არ გამოუყენებია ყინული ან, სხვა რაიმე სახის ე.წ. სარიტუალო აღჭურვილობა.
ბიურო მზად არის, იმოქმედოს ოჯახის მოთხოვნის შესაბამისად და მათ მიერ დასახელებულ ნებისმიერ დროს მოხდეს გვამის გადასვენება,“-აღნიშნულია სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს განცხადებაში.
იხილეთ ასევე: ბაჩალიაშვილის მამის ცნობით, სამხარაულის ბიუროში ცხედრისთვის ყინული არ აქვს
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს საკუთარი სახლიდან გავიდა და ამავე დღის მეორე ნახევრიდან გაუჩინარდა. ახალგაზრდა ქალი მოზარდმა მწყემსმა 22 ივლისს გარდაცვლილი თეთრიწყაროში, ტყესთან, ცენტრალური ავტომაგისტრალის მახლობლად, ავტომანქანაში ნახა და სამართალდამცველებს დაუკავშირდა. ადვოკატის თანახმად, იგი ავტომანქანის უკანა სავარძელზე იყო.
თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარების საქმეზე ამ დრომდე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.