Accentnews.ge
"ვიცით გამოძიებასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც ქვეყანაში არსებობს"

"ვიცით გამოძიებასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც ქვეყანაში არსებობს"

23/07/2020 07:10:48 პოლიტიკა

პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალეიშვილის გარდაცვალების საქმეზე გააკეთა კომენტარი და საგამოძიებო უწყებებს მოუწოდა, იყვნენ მაქსიმალურად პროაქტიულები მოქალაქეებისთვის ინფორმაციის გაზიარების მიმართულებით, რათა არ დარჩეს მცირედი სივრცეც კი ინტერპრეტირებისთვის.

„რა თქმა უნდა, ახალგაზრდა გოგოს გარდაცვალება გაურკვეველ პირობებში არის უაღრესად მძიმე შემთხვევა. მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო ოჯახის წევრებს, თუმცა ეს ტრაგედია ოჯახს სცდება და ხდება ქვეყნის ტრაგედია. შესაბამისად, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ პირველ რიგში, ოჯახს უნდა გავუფრთხილდეთ და მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ მსგავს ტრაგიკულ შემთხვევებს.

რაც შეეხება საგამოძიებო მიმართულებას, აქ უაღრესად მნიშვნელოვანია და მინდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთხელ დავავალო მოქალაქეების პროაქტიული ინფორმირება – ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია, რათა არც ერთი სივრცე არ დარჩეს იმისთვის, რომ ზოგიერთმა ეს გამოიყენოს გარკვეული სპეკულირებისთვის. რა თქმა უნდა, პირველ რიგში სწრაფი და ეფექტური გამოძიება, მაგრამ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ხდება პროაქტიული ინფორმირებულობა პირველ რიგში, ოჯახის და შემდეგ საზოგადოებას“,– განაცხადა გახარიამ.

ამასთან, მან გამოძიებასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება:

„ჩვენ კარგად ვიცით გამოძიებასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც ქვეყანაში არსებობს და სწორედ ამიტომ დაიწყო რეფორმები და სისტემური განახლება შს სამინისტროში და ამ ნაბიჯებს აქვს უკიდურესად სერიოზული მნიშვნელობა როგორც ქვეყნისთვის, ასევე რიგითი, კეთილსინდისირი პოლიციელებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. ეს უნდა გავითვალისწინოთ ყველამ და პირველ რიგში, შს სამინისტრომ“,– დასძინა პრემიერმა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს საკუთარი სახლიდან გავიდა და ამავე დღის მეორე ნახევრიდან გაუჩინარდა. ახალგაზრდა ქალი მოზარდმა მწყემსმა 22 ივლისს გარდაცვლილი თეთრიწყაროში, ტყესთან, ცენტრალური ავტომაგისტრალის მახლობლად, ავტომანქანაში ნახა და სამართალდამცველებს დაუკავშირდა. ადვოკატის თანახმად, იგი ავტომანქანის უკანა სავარძელზე იყო.

თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარების საქმეზე ამ დრომდე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S