Accentnews.ge
პრეზიდენტმა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრად თამარ ღვამიჩავა დანიშნა

პრეზიდენტმა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრად თამარ ღვამიჩავა დანიშნა

23/07/2020 10:26:29 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის თანამდებობაზე თამარ ღვამიჩავა დანიშნა. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.

ღვამიჩავამ საბჭოში ანა დოლიძე შეცვალა, რომელმაც თანამდებობა ვადაზე ადრე, 22 ივნისს დატოვა. დოლიძემ თანამდებობის დატოვების მიზეზად მის წინააღმდეგ „ბინძური კამპანიის“ წამოწყება დაასახელა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის შეფასებით, პრეზიდენტის მიერ საბჭოს არამოსამართლე წევრის დანიშვნის პროცესი გამჭვირვალობის სტანდარტს არ აკმაყოფილებს. ჯანეზაშვილის თქმით, არ იცის რა პროფესიულ გამოცდილებას ფლობს საბჭოს ახლად დანიშნული წევრი, თამარ ღვამიჩავა და უცნობია, როგორი იქნება მისი საქმიანობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

„მის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ. მასთან პროფესიული თანამშრომლობის გამოცდილება არ მაქვს. ის არ ყოფილა სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წევრი. შესაბამისად, პროფესიული კვეთა კარიერის განმავლობაში მასთან არ მქონია. რაც შეეხება პროცესს, რომელიც პრეზიდენტმა წარმართა, ის გამჭვირვალობის და საჯაროობის მინიმალურ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებდა. პროცესი ფაქტობრივად დახურული იყო. ჩვენ ვიცოდით მხოლოდ თარიღები, როდის გამოცხადდა კონკურსი, როდის დასრულდა საბუთების მიღება, როდის ჩატარდა გასაუბრება. მაგრამ გვარები და ინფორმაცია უშუალოდ კანდიდატების შესახებ, არ იყო ცნობილი. რატომ გააკეთა არჩევანი პრეზიდენტმა ღვამიჩავაზე და რა კონკურენცია იყო, ვინ იყვნენ სხვა კანდიდატები, ეს ინფორმაცია უნდა ყოფილიყო საჯარო. პრეზიდენტმა განკარგულება გამოსცა 22 ივლისს და მასმედიის მეშვეობოთ საზოგადოებისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია”,- განაცხადა ჯანეზაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 15 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაციებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამი იყო, რომ თუ ანა დოლიძე პოლიტიკურ საქმიანობას აპირებდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობა უნდა დაეტოვებინა. ასეთივე პოზიცია დააფიქსირა საბჭოს კიდევ ერთმა არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა.

დოლიძის მიმართ თანამდებობის დატოვების მოთხოვნა მას შემდეგ გაჩნდა, რაც მან სამოქალაქო მოძრაობა „ხალხისთვის“ დააფუძნა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S