
შსს–ში განმარტავენ, რატომ დასჭირდა ხუთი დღე თამარ ბაჩალიაშვილის პოვნას
23/07/2020 13:14:41 სამართალი
შსს–ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელი მამუკა ჭელიძე განმარტავს, რატომ დასჭირდა ხუთი დღე 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის პოვნას.
„სამძებრო სამუშაოები დაიწყო პირველივე შეტყობისთანავე, რომელიც პოლიციაში შევიდა. ბოლო ლოკაცია, სადაც მისი ავტომანქანა დაფიქსირდა, სოფელი ხაიშია. მოხდა როგორც ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვა, ისე შესაძლო გადაადგილების მარშრუტის შესწავლა. სამწუხაროდ, აღნიშნულ ლოკაციაზე მისი ავტომანქა ვერ იქნა მოძიებული იქიდან გამომდინარე, რომ დაახლოებით, 15 კილომეტრის დაშორებით, სხვა სოფელში, დაუსახლებელ ადგილში აღმოჩნდა გარდაცვლილის ავტომანქანა, რაც დააფიქსირა შემთხვევით გამვლელმა არასრულწლოვანმა მწყემსმა, რომელიც გამოიკითხა პოლიციის მიერ.ჩვენ გამოვიყენეთ სპეციალური დრონებიც, რომლებიც სიმაღლიდან ცდილობს სხვადასხვა ლოკაციაზე დააფიქსიროს ავტომანქანა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ფიქსაციის ლოკაცია იყო სხვა არეალში, იქ ვერ მოხერხდა იმ დღეებში ამ ავტომანქანის პოვნა“,– განაცხადა მამუკა ჭელიძემ.
ამასთან, ჭელიძე ადასტურებს, რომ ახალგაზრდა ქალს ჰყავდა ფსიქოლოგი, რომელიც გამოიებამ დაკითხა, თუმცა მან დეტალებზე არ ისაუბრა ოჯახის მძიმე ემოციური მდგომარეობის გათვალისწინების მოტივით.
იხილეთ ასევე: „პირველადი დათვალიერებით, თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარზე ძალადობის კვალი არ აღინიშნება“
თამარ ბაჩალიაშვილის მამამ ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა 22 ივლისს ისაუბრა შემთხვევის ადგილზე, სადაც თავადაც მივიდა და გამოთქვა გაკვირვება, პოლიციას სამძებრო სამუშაოებისთვის ხუთი დღე რატომ დასჭირდა:
„არავითარი დრონი არ გაუტარებიათ, არ ყოფილა ასეთი რამ. გზიდან, რომ გაიხედები ხელმარჯვნივ, როგორც ხელის გული, ისე ჩანს მანქანა – 50-60 მეტრში. წუხელ, რომ აქცია ჩატარდა, დილით გამოჩნდა ყველაფერი“.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს საკუთარი სახლიდან გავიდა და ამავე დღის მეორე ნახევრიდან გაუჩინარდა. ცხედარი 22 ივლისს თეთრიწყაროში, ტყესთან, ცენტრალური ავტომაგისტრალის მახლობლად, ავტომანქანაში ნახეს. ადვოკატის თანახმად, იგი ავტომანქანის უკანა სავარძელზე იყო.
გამოძიება ამ დრომდე თავისუფლების უკენონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.