აშშ–ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოსთვის დახმარების 15%-ის შესაძლო შეჩერებას მხარი დაუჭირა

25-07-2020 14:07:48 საგარეო პოლიტიკა

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ 224 ხმით, 189 ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა კანონპროექტი 2021 ფისკალური წლის სახელმწიფო, საგარეო ოპერაციების და მათთან დაკავშირებული პროგრამების შესახებ. კანონპროექტში საქართველოს შესახებაცაა საუბარი.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოსთვის 2021 წელს დახმარების სახით გათვალისწინებულია არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარი.

კანონის ტექსტის თანახმად, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების პირდაპირი დახმარებისთვის გამოყოფილი თანხის 15% შესაძლოა არ გაიცეს და ეს დამოკიდებული იქნება სახელმწიფო მდივანის შეფასებებზე - დგამს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ეფექტიან ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად და კორუფციის დასაძლევად.

ამავე დროს კანონის შესახებ კომიტეტის ანგარიშში დაზუსტებულია საქართველოსთან დაკავშირებული კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილებაც აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებისთვის ამერიკის მიერ გამოყოფილი დახმარების სრულად მისაღებად.

ანგარიშში საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარებისთვის საჭირო კრიტერიუმების ჩამონათვალს დაემატა ოლიგარქების არაფორმალური მმართველობის ზეგავლენების შეზღუდვასთან თუ საარჩევნო რეფორმის ეფექტიანად განხორციელებასთან, ასევე მედიის თავისუფლების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

კონკრეტულად, უნდა შეფასდეს ხელისუფლების საქმიანობა შემდეგი მიმართულებებით:

  • საარჩევნო რეფორმის ეფექტიანი განხორციელება;
  • სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პატივისცემა - საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ დონეზე;
  • ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა საჯარო ინფორმაციაზე შეუზღუდავი წვდომის ჩათვლით;
  • სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უფლებებისა და მედიის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა;
  • ოლიგარქების არაფორმალური ზეგავლენების შეზღუდვა მთავრობის საქმიანობაზე და ასევე კანონებისა და რეგულაციების დამტკიცების პროცესზე.

საბიუჯეტო კანონპროექტი 6 ივლისს დაამტკიცა ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის ქვეკომიტეტმა,9 ივლისს კი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები