
“განსაზღვრება “გენოციდს” თავისი სამართლებრივი საფუძვლები აქვს და რამდენად გაგვაჩნია მსგავსი არგუმენტაცია?”
25/07/2020 11:49:59 კონფლიქტები
აფხაზეთის “უშიშროების საბჭოს” მდივნობის არაოფიციალური კანდიდატი, პარტიის “ერთიანი აფხაზეთი” ლიდერი სერგეი შამბა “საქართველოს მიერ აფხაზი ხალხის გენოციდის აღიარებისა” და “ქართული მხარის მიერ ომით მიყენებული ზარალის ანაზღაურების” საკითხების წამოწევას უპერსპექტივოდ და საზიანოდ მიიჩნევს.
ასე გამოეხმაურა შამბა წინა – რაულ ხაჯიმბას “ხელისუფლების” მხარდამჭერი ოპოზიციური საზოგადოებრივი მოძრაობა “არუაას” ინიციატივას, რომლითაც ამ უკაკასკნელმა 24 ივლისს აფხაზურ “პარლამენტს” მიმართა.
“წინააღმდეგი ვარ ურთიერთობებისა და ვითარების გამწვავების. მომხრე ვარ მშვიდობიანი პოლიტიკის. უნდა ვეძებოთ ყველა მეზობელთან მისაღები ურთიერთობები. ომით მიყენებული ზიანისა და გენოციდის თემებზე თავის დროზე იმუშავეს კომისიებმა, პროკურატურამაც, ზიანი დადგინდა… ახლა, ამდენი წლის შემდეგ ამ თემების გადაჭრის პერსპექტივას ვერ ვხედავ. გარდა ამისა, განსაზღვრება “გენოციდს” თავისი სამართლებრივი საფუძვლები აქვს და რამდენად გაგვაჩნია მსგავსი არგუმენტაცია? თანაც ეს ყოველთვის პოლიტიკური საკითხია: რამდენი წელია, იგივე სომხეთი გენოციდის საკითხს აყენებს და რა, ყველამ აღიარა? ასე, რომ ნაკლებად მჯერა მსგავსი მოქმედებების პერსპექტიულობის”.
ცნობისთვის: 24 ივლისს აფხაზურ “პარლამენტში” მოქმედი “ხელისუფლების” საგარეო პოლიტიკური ხედვების განხილვა დაიწყო, თანაც გაფართოებულ ფორმატში. ოპოზიციურმა “არუაამ” რამდენიმე ინიციატივა დააყენა, კერძოდ:
- მიღებულ იქნას “საგარეო პოლიტიკური დოქტრინა”, რომელშიც საქართველო “აფხაზეთისთვის მტრულ სახელმწიფოდ” იქნება მოხსენიებული, ხოლო “საქართველოს მხრიდან აფხაზი ხალხის მიმართ მოქმედებები – გენოციდად”;
- ამ “გენოციდის” აღიარების თხოვნით რუსეთის სახლმწიფო სათათბიროს მიემართოს;
- “პარლამენტმა” განიხილოს თბილისის მიერ იმ “ზიანის ანაზღაურების საკითხი, რომელიც აფხაზეთს ომის შედეგად მიადგა”;
- “ოთხოზორია-ტატუნაშვილის” ქართული სიის საპასუხოდ მიღებულ იქნას “სიგუა-ხიშბა-მურატიას” სია;
- ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მონაწილე აფხაზური დელეგაციის შემადგენლობაში სულ მცირე, ორი “დეპუტატი” ჩაერთოს.
“საპარლამენტო” განხილვები უახლოეს დღეებშიც გაგრძელდება. არ არის გამორიცხული, ამ პროცესმა 10 აგვისტომდეც გასტანოს, როცა აფხაზი “დეპუტატები” არდადეგებზე გავლენ.