
“უნდა ვიპოვოთ საქართველოსთან ურთიერთობების ურთიერთმისაღები ფორმა”
25/07/2020 11:20:49 კონფლიქტები
წინა “ხელისუფლების” (რაულ ხაჯიმბას გუნდის) მიერ აგორებულმა “დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის რევიზიის“ თემამ, რომელიც აფხაზეთში უკვე სამი კვირაა, მუსირებს, “პარლამენტში” გადაინაცვლა: გაიხსნა დებატები გაფართოებულ ფორმატში – ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, რომლებზეც ამჟამინდელი “ხელისუფლების” (ასლან ბჟანიას გუნდის) საგარეო პოლიტიკურ ხედვებს განიხილავენ. 24 ივლისს თემაზე “აფხაზეთის თანამედროვე საგარეო პოლიტიკა: რეალიზების გზები” საერთაშორისო, პარლამენტთაშორისი და თანამემამულეებთან კავშირების “საპარლამენტო” კომიტეტში იმსჯელეს. სხდომას ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები ესრებოდნენ, მოქმედ “ხელისუფლებასთან“ აფილირებული “ამცახარას” გარდა.
ეს დისკუსია მოსკოვსა და სოხუმში თითქმის ერთდროულად გაჟღერებულ, თუმცა თავისი არსით ფაქტობრივად ურთიერთგამომრიცხავ ინიციატივებს მოჰყვა: ჯერ შედარებით ახლადდაფუძნებული რუსული პარტიის ლიდერმა – პრილეპინმა გააჟღერა იდეა პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული არაღიარებული და ნაწილობრივ აღიარებული “რესპუბლიკების” რეფერენდუმების გზით რუსეთთან “სასწრაფოდ მიერთების” შესახებ, რამდენიმე დღეში კი აფხაზეთის ახლადარჩეულმა “პრეზიდენტმა” ასლან ბჟანიამ ბრძანა, “საქართველოს ხელმძღვანელობისგან აღიარებას არ ვითხოვ, მაგრამ უნდა გაფორმდეს ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმება”, რაც სოხუმსა და თბილისს შორის “ჰუმანიტარული, ეკონომიკური და ნებისმიერი სხვა დიალოგის შესაძლებლობას შექმნიდაო”.
თუ პირველ - “რუსულ” ინიციატივასთან დაკავშირებით მთელი აფხაზური პოლიტიკური სპექტრიცა და საზოგადოებაც ერთსულოვნად ნეგატიურ პოზიციას აფიქსირებს, თბილისთან შესაძლო დიალოგისა და თანამშრომლობის საკითხში აზრი ორად გაიყო: ბჟანიას ამ იდეას მოწინააღმდეგეები აფხაზური საზოგადოების გარკვეულ ნაწილშიც ჰყავს, თუმცა მთავარი გამოკვეთილი ოპონენტი წინა “პრეზიდენტ” რაულ ხაჯიმბას რევანშისტულად განწყობილი გუნდია, მათ შორის – ომის ვეტერანთა საზოგადოებრივი გაერთიანება “არუაა”.
ამ უკანასკნელმა მოქმედი “პრეზიდენტი” თბილისის მიმართ “მოღალატეობრივი დათმობების” ლობირებაში დაადანაშაულა და საკომიტეტო მოსმენაზე რამდენიმე წინადადება გააჟღერა, კერძოდ:
- მიღებულ იქნას “საგარეო პოლიტიკური დოქტრინა”, რომელშიც საქართველო “აფხაზეთისთვის მტრულ სახელმწიფოდ” იქნება მოხსენიებული, ხოლო “საქართველოს მხრიდან აფხაზი ხალხის მიმართ მოქმედებები – გენოციდად”;
- ამ “გენოციდის” აღიარების თხოვნით რუსეთის სახლმწიფო სათათბიროს მიემართოს;
- “პარლამენტმა” განიხილოს თბილისის მიერ იმ “ზიანის ანაზღაურების საკითხი, რომელიც აფხაზეთს ომის შედეგად მიადგა”;
- “ოთხოზორია-ტატუნაშვილის” ქართული სიის საპასუხოდ მიღებულ იქნას “სიგუა-ხიშბა-მურატიას” სია;
- ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მონაწილე აფხაზური დელეგაციის შემადგენლობაში სულ მცირე, ორი “დეპუტატი” ჩაერთოს.
აი, რუსული თავხედური ინიციატივის საპასუხოდ კი ხაჯიმბას გუნდს აფხაზური “პარლამენტისადმი” ერთადერთი - მოკრძალებული წინადადება აქვს: «შეგვიძლია თუ არა, მივიღოთ რუსეთის ფედერაციასთან შეთანხმება, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ჩვენი ქვეყნების მოქალაქეებისთვის მოქალაქეობის გამარტივებული სახით, სარკისებურად მინიჭება?».
"პრეზიდენტ" ბჟანიას ინიციატივის მხარდამჭერი პოლიტიკური ძალის - “ერთიანი აფხაზეთის” წარმომადგენლების არგუმენტაცია კი იმაში მდგომარეობს, რომ «არსებული სავაჭრო ბრუნვის ლეგალიზება – ეს არა "თბილისისთვის დათმობა", არამედ პირიქით - ფაქტობრივად, სრულფასოვანი საზღვრის დადგენა იქნება”; რომ “იმ პირობებში, როცა აფხაზეთს რეალურად გააჩნია დე-ფაქტო კავშირები საქართველოსთან, აკრძალვების მეთოდებით მოქმედება კარგს არაფერს მოიტანს და აუცილებელია, მოიძებნოს აფხაზური სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის მისაღები ურთიერთობების ფორმულა".
“ერთიანი აფხაზეთის” ლიდერი სერგეი შამბა, რომელიც, სხვათა შორის, დღეს შესაძლოა, აფხაზეთის “უშიშროების საბჭოს მდივნად” დაინიშნოს, თვლის, რომ “საქართველოსთან აუცილებელია სხვადასხვა დონის დიალოგი” და ”ურთიერთობების ურთიერთმისაღები ფორმის მოძებნა”:
“ჩემი პოზიცია ადრეც არაერთგზის გამომითქვამს და საკომიტეტო განხილვის დროსაც დავაფიქსირე: საქართველოსთან მთელი რიგი გადაუჭრელი პრობლემები გვაქვს და მათი დარეგულირებისთვის აუცილებელია კონსტრუქციული დიალოგის დაწყება სხვადასხვა დონეზე. შესაძლებელია, ჯერ სახალხო დიპლომატიით დავიწყოთ, ხოლო დროთა განმავლობაში გადავიდეთ მოლაპარაკებათა უფრო ოფიციალურ ფორმატებზე. დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია და აუცილებელია სერიოზული საუბარი”.
საკუთრივ სავაჭრო ურთიერთობების თემაზე მას ანალოგიური პოზიცია აქვს - “აუცილებელია არა აკრძალვები, არამედ მისაღები გადაწყვეტილების მოძებნა”:
“ჩვენ მეზობელი სახელმწიფოები ვართ და დღესაც გვაქვს გარკვეული საკითხები, რომლებსაც ერთობლივად ვწყვეტთ – იგივე ენგურჰესი, ასევე ჟენევის დისკუსიები. საკითხების წრე უნდა გაფართოვდეს...[...] თუკი ჩრდილოვანი ვაჭრობა არსებობს, ის უნდა დაკანონდეს. როგორ? - ეს უკვე ტექნიკური საკითხია, უნდა დავსხდეთ და მოვიფიქროთ. ელემენტარულად, შეიძლება, განთავსდეს საბაჟო პუნქტი (სასაზღვრო უკვე გვაქვს) და მოხდეს საქართველოდან შემომავალი საქონლის ლეგალიზება… მე ყოველთვის ვეწინააღმდეგები აკრძალვებს, რადგან მათ კარგი არასდროს არაფერი მოაქვთ. საუკეთესო გზაა, ვეძებოთ ვითარებიდან მისაღები გამოსავალი”.
აი, “გენოციდისა” და “ზიანის ანაზღაურების” თემების წამოწევას კი შამბა უპერსპექტივოდ და საზიანოდ მიიჩნევს:
“წინააღმდეგი ვარ ურთიერთობებისა და ვითარების გამწვავების. მომხრე ვარ მშვიდობიანი პოლიტიკის. უნდა ვეძებოთ ყველა მეზობელთან მისაღები ურთიერთობები. ამ [ომით მიყენებული ზიანისა და გენოციდის - რედ.] თემებზე თავის დროზე იმუშავეს კომისიებმა, პროკურატურამაც, ზიანი დადგინდა… ახლა, ამდენი წლის შემდეგ ამ თემების გადაჭრის პერსპექტივას ვერ ვხედავ. გარდა ამისა, განსაზღვრება “გენოციდს” თავისი სამართლებრივი საფუძვლები აქვს და რამდენად გაგვაჩნია მსგავსი არგუმენტაცია? თანაც ეს ყოველთვის პოლიტიკური საკითხია: რამდენი წელია, იგივე სომხეთი აყენებს სომხების გენოციდის საკითხს და რა, ყველამ აღიარა? ასე, რომ ნაკლებად მჯერა მსგავსი მოქმედებების პერსპექტიულობის”.
აფხაზურ “პარლამენტში” განხილვები უახლოეს დღეებშიც გაგრძელდება. არ არის გამორიცხული, ამ პროცესმა 10 აგვისტომდეც გასტანოს, როცა აფხაზი “დეპუტატები” არდადეგებზე გავლენ.
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება
_________________________________________________________________
პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორს ეკუთვნის და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას