უგულავა ოპოზიციური პარტიების ნაწილს რეგიონებში საერთო კანდიდატების დასახელებას სთავაზობს
27/07/2020 11:43:36 პოლიტიკა
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ოპოზიციურ პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად აუცილებელი პირობაა.
"თბილისის საერთო მაჟორიტარები უკვე შერჩეულია. ახლა რაც შეეხება რეგიონებს, ჩვენ ხანგრძლივი კონსულტაციები გვქონდა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან". საზოგადოებისთვის ცნობილია და გაცხადებულია მათი პირველადი პოზიცია, რომ ისინი თბილისს გარეთ, 22-ვე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატებს დააყენებენ. მიუხედედავად ბევრი არგუმენტისა, რაც ჩვენს მიერ იყო წაყენებული, მათი გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა. ეს მათი უფლება და ნებაა და ამით ტრაგედია არ უნდა შევქმნათ. მინდა, ასეთ ვითარებაში მოვუწოდო, რომ ოპოზიციის საერთო პოზიცია არ შესუსტდეს ივანიშვილთან მიმართებით. მინდა, მოვუწოდო ჩვენს კოლეგებს სხვა პარტიიდან, უახლოეს დღეებში, უახლოეს მომავალში გავაგრძელოთ და დავასრულოთ კონსულტაციები და შევჯერდეთ საერთო მაჟორიტარზე, რომლებიც საქართველოს რეგიონებში იასპარეზებენ"-განაცხადა უგულავამ.


