„ფლანგვის დეტექტორი“: „ოცნების“ შემომწირველმა 2013 წლიდან 18 მლნ-ზე მეტი ღირებულების ტენდერი მოიგო“
27/07/2020 11:51:18 პოლიტიკა, ეკონომიკა
კვლევითი ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, კომპანია შპს “ბეტკომ“, რომლის მფლობელებმაც 2014 წელს "ქართულ ოცნებას" ჯამში 120,000 ლარი შესწირეს, 2013 წლიდან დღემდე 58 ტენდერი მოიგო და ჯამური ღირებულება 18 მილიონ ლარს აღემატება.
„ფლანგვის დეტექტორის“ ანალიზის თანახმად, შპს "ბეტკოს" მიერ მოგებული 58 ტენდერიდან, 16-ში კომპანიამ კონკურენტის გარეშე გაიმარჯვა, 14-ში კონკურენტი კომპანიების დისკვალიფიკაციის ხარჯზე, ხოლო 28 ტენდერი სწრაფი ფასის კლებითა და დაბალი ფასებით მოიგო.
„თავად შპს "ბეტკო" 17 ტენდერიდან არის დისკვალიფიცირებული. ასეთი შემთხვევების უმრავლესობა იმ კომპანიებთან მოხდა, რომლებიც ასევე ოცნების შემომწირველები ან ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირები არიან. ასეთებია მაგალითად შპს "ჯ და ჯ", შპს "დაგი+", შპს "ბორანი". ასევე ინდივიდუალური მეწარმე მურმან ტოგონიძე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დის, მაგული ივანიშვილის, ნათესავია. სავარაუდოა, რომ ხდება ტენდერების გადათამაშება, ოცნებასთან დაახლოებულ კომპანიასა თუ ინდ. მეწარმეებთან. კომპანიას 3,832,102 ლარის ღირებულების ისეთი ტენდერი აქვს მოგებული, სადაც კონკურენტი არ ჰყოლია“, - ნათქვამია კვლევითი ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


