„ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას 1993 წლის 27 ივლისის სოჭის ხელშეკრულების აქტიურად გამოყენებისკენ მოუწოდებს
27/07/2020 12:52:35 პოლიტიკა
„ევროპული საქართველოს“ წევრის, დეპუტატ გიორგი კანდელაკის შეფასებით, სოჭის ხელშეკრულება უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტია, რომელსაც საქართველო აქტიურად უნდა იყენებდეს საერთაშორისო ასპარეზზე დეოკუპაციის საკითხის აქტუალიზაციისთვის და სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება აღნიშნულ თარიღსა და დოკუმენტს არ გამოხმაურებია.
„1993 წლის 27 ივლისს რუსეთის ფედერაციის იმდროინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი კოზირევის მონაწილეობით, სოჭში ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის. ხელშეკრულების თანახმად, საქართველომ სოხუმიდან პრაქტიკულად მთლიანად გამოიყვანა მძიმე ტექნიკა და არტილერია. სულ რამდენიმე კვირაში რუსულმა მხარემ და მის ეფექტურ კონტროლს დაქვემდებარებულმა სხვადასხვა ნაწილებმა დაარღვიეს შეთანხმება, რასაც აფხაზეთის დე ფაქტო ოკუპაცია და მისი ომამდელი მოსახლეობის უმრავლესობის საკუთარი სახლებიდან განდევნა მოჰყვა. ომის დამთავრების შესახებ შევარდნაძის მთავრობის მიერ შექმნილმა მცდარმა განწყობამ კი, (სოხუმში პირველ სექტემბერს სწავლა დაიწყო სკოლებსა და უნივერსიტეტში) მშვიდობიან მოსახლეობაში განსაკუთრებულად დიდი დანაკარგები განაპირობა,“-განაცხადა კანდელაკმა.


