Accentnews.ge
დასახელებული პოლიციელი ჯუმბერ ბაჩალიაშვილის ინფორმაციას არ ადასტურებს

დასახელებული პოლიციელი ჯუმბერ ბაჩალიაშვილის ინფორმაციას არ ადასტურებს

27/07/2020 13:29:01 სამართალი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე ლადო ბაჭულაშვილი უარყოფს 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის მამის ინფორმაციას.

კერძოდ, გამოკითხვიდან გამოსული ბაჭულაშვილი ირწმუნება, რომ არ უთქვამს ბაჩალიაშვილის მამისთვის, თითქოს თამარი „შარში იყო“.

„დაბარებული ვიყავი შსს-ს გენერალურ ინსპექციაში ოჯახის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, ვითომ მე მითქვამს რაღაც. მე საერთოდ არ მითქვამს ასეთი რამ. კომპიუტერთან მე არაფერი შეხება არ მქონია, რადგან კომპიუტერი ამოიღო გამომძიებელმა და წაიღო ექსპერტიზაზე. ყოველდღიური კომუნიკაცია მქონდა ოჯახთან, ორჯერ შეხვედრა მქონდა, პლუს სატელეფონი კავშირი მქონდა, რადგან დაწვრილებით ვაკონკრეტებინებდი, რა ეცვა, სად წავიდა, სად შეიძლება წასულიყო, თუ იყო როდესმე წასული. ჩემი მხრიდან იყო გამოკითხვა, ასეთი რამე ჩემგან არ თქმულა, არც აქციის მაგვარი, არც ის, თითქოსდა თქვენი შვილი შარშია – როგორ ვეტყოდი, მე კომპიუტერთან საერთოდ არ მქონდა შეხება“, – განაცხადა ბაჭულაშვილმა.

მისივე თქმით, ოჯახმა კარგად იცოდა, რომ „დღე და ღამეს ათენებდნენ თამარ ბაჩალიაშვილის მოსაძებნად“:

„მე მათ ვეუბნებოდი, რომ ჩართულია ყველა სამსახური, საგამოძიებოც, სამაშველოც, დრონიც, ყველა სამსახური იყო ჩართული. როცა გავიგე, რომ ჩემი ნახვა უნდოდა, წავედი რუსთავში, თუმცა იქ აღარ დამხვდა. მე არავის არ ვემალები“.

ცნობისთვის: თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის პოვნამდე მამამ თქვა, რომ დაუკავშირდნენ შსს–დან და უთხრეს, თამარის კომპიუტერი გახსნეს და ის „დიდი პრობლემის წინაშე“ იყო.

ბაჩალიაშვილის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით კი ბაჩალიაშვილის პირადი კომპიუტერის გახსნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე ბაჩალიაშვილის ოჯახმა და მეზობლებმა ქვემო ფონიჭალაში აქცია გამართეს და სამძებრო სამუშაოების გააქტიურება მოითხოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანისა და თავისუფლების აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.

ოჯახი ითხოვს, საქმეზე ძიება სხვა განყოფილებამ განაგრძოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S