
პომპეომ გახარია მართლმსაჯულების და საარჩევნო პროცესების პოლიტიზებაზე გააფრთხილა
27/07/2020 20:02:44 საგარეო პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შორის გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და აღნიშნავს, პომპეომ გახარია მართლმსაჯულების და საარჩევნო პროცესების პოლიტიზებაზე გააფრთხილა.
"სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო დღეს ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და განიხილა აშშ-ისა და საქართველოს პარტნიორობის მნიშვნელობა და ჩვენი მჭიდრო კოორდინაცია „კოვიდ-19“-ის პანდემიის საპასუხოდ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე ხაზი გაუსვა თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას ოქტომბერში და აღნიშნა, რომ თანაბარი პირობები არის დემოკრატიული არჩევნების შემადგენელი ნაწილი. ის მიესალმა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, რომელიც ნაწილობრივ პროპორციულ საარჩევნო სისტემას ამკვიდრებს და ხაზი გაუსვა მიღებული საარჩევნო რეფორმის ზედმიწევნით განხორციელების აუცილებლობას. სახელმწიფო მდივანი გამოვიდა მოწოდებით, გაგრძელდეს ძალისხმევა საქართველოს სასამართლო სისტემის განსამტკიცებლად, რომელიც გადამწყვეტი მნიშვნელობისაა უცხოური ინევსტიციების მოსაზიდად და მართლმსაჯულების და საარჩევნო პროცესების პოლიტიზებაზე გააფრთხილა.
სახელმწიფო მდივანმა პომპეომ კვლავ დაადასტურა აშშ-ის მხრიდან საქართველო ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა და დაეთანხმა პრემიერ-მინისტრ გახარიას იმაში, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს დესტაბილიზაციური ქმედებები და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარი დღეს შედგა. საუბრის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრეს–სამსახურმაც.