იმნაძე: „ბაზარზე COVID-19–ის ვაქცინის გამოჩენა რეალისტურია“
28/07/2020 06:53:35 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ახალი კორონავირუსის ვაქცინის გამოჩენა რეალისტურია, თუმცა ეს ზამთარზე ადრე ვერ მოხდება.
როგორც პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში, აღნიშნა, 20-მდე ვაქცინა კვლევის ბოლო ფაზაშია:
„ბაზარზე მათი გამოჩენა რეალისტურია, მაგრამ ჩემი პროგნოზით, ეს ზამთარზე ადრე ვერ მოხდება. ზამთარში თუ იქნება ვაქცინა მასობრივი მოხმარებისთვის, მსოფლიო მედიცინისთვის მართლაც კარგი მიღწევა იქნება“
მან ჯერ კიდევ შეუქმნელი ვაქცინის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაზე გაამახვილა ყურადღება:
„მინდა, დავამშვიდო ისინი, ვისაც ჰგონია, რომ ქუჩაში დაიჭერენ და ძალით აცრიან – „დაჩიპავენ“. ნეტავ, ვაქცინა მას ეყოს, ვისაც ძალიან ენდომება, რომ ვაქცინა გაიკეთოს“.
მისივე თქმით, სადღეისოდ მთავარია, ვიცხოვროთ კორონასთან ერთად ისე, რომ კორონამ არ შეგვაწუხოს და ამისთვის საჭიროა, დავიცვათ უკვე შემუშავებული წესები: ჰიგიენა, სოციალური დისტანცირება.
იხილეთ ასევე: ტრამპი აცხადებს, რომ კორონავირუსის ვაქცინა წლის ბოლომდე იქნება ხელმისაწვდომი


