ISFED: 2018 წლის დასაწყისში ცსკო-ს თავმჯდომარის ანაზღაურება დაახლოებით, 55%-ით გაიზარდა, მოადგილის და მდივნის 68%-69%-ით
28/07/2020 07:30:45 პოლიტიკა
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" საარჩევნო ადმინისტრაციის ანაზღაურების მონიტორინგის ანგარიში წარადგინა.
დოკუმენტში შესწავლილია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებისა და ხელმძღვანელი პირების, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების, საშტატო და შტატგარეშე თანამშრომლების შრომითი ანაზღაურების წესი 2016-2019 წლებში.
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" ანგარიშის თანახმად, არ არის განსაზღვრული ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს საოლქო საარჩევნო კომისიების დამხმარე და ტექნიკური პერსონალის ანაზღაურების ოდენობებს.
ამასთან, მათივე ინფორმაციით, არ არის განსაზღვრული ის კრიტერიუმები და საფუძვლები, რომელზე დაყრდნობითაც საოლქო საარჩევნო კომისიები ცესკოს მიერ დადგენილი ზღვრული თანხების ფარგლებში ადგენენ კონკრეტულ თანამდებობრივ სარგოს პოზიციების მიხედვით.
"2018 წლის დასაწყისში მოხდა თანამდებობრივი სარგოს ზრდა, მაგალითად, ცესკოს თავმჯდომარის შემთხვევაში ანაზღაურება გაიზარდა დაახლოებით 55%-ით, მოადგილის შემთხვევაში 68%-ით, მდივნის შემთხვევაში კი 69%-ით.
პრობლემას წარმოადგენს ის რომ საერთოდ არ არის განსაზღვრული კრიტერიუმები, რის საფუძველზე ხდება სარგოს პროცენტულობის მატება, ან პერიოდულობა. პოზიტიური ტენდენცია არის ის, რომ ხდება პრემიის და დანამატის სიხშირის და მოცულობის კლება. უფრო ნაკლები სიხშირით და მოცულობით გაიცემა",-განაცხადა "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ.
ამასთან, ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ცესკო დადგენილებით აწესრიგებს ფულადი სახსრების განაწილების წესს, საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის, რაც მათ მიერ მოთხოვნის ფორმების წარმოდგენის შემდეგ განისაზღვრება, არ არის განსაზღვრული ის ფაქტობრივი თუ სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც ცესკოს ამ გადაწყვეტილებას, კერძოდ, ერთგვაროვნების პრინციპის მიხედვით ფულადი სახსრების განაწილების წესს უფრო ნათელ და განჭვრეტად ჩარჩოებში მოაქცევს.
განახლება
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ თანამშრომლებზე დანამატი გაიცემა მხოლოდ საარჩევნო პერიოდში, როდესაც საარჩევნო ადმინისტრაცია მუშაობის განსაკუთრებულ ზეგანაკვეთურ რეჟიმზე გადადის და ცესკო-ს ნებისმიერ თანამშრომელთან ფინანსური ანგარიშსწორება კანონთან სრულ შესაბამისობაშია.
როგორც ცესკო-ს საფინანსო დეპარტამენტის უფროსმა ოთარ ბუსკივაძემ განაცხადა, 2018 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა შრომის ანაზღაურების ახალი კანონმდებლობა და ყველა საჯარო უწყებასთან ერთად ცესკო აღნიშნულ რეკონსტრუქციას დაექვემდებარა.
„უცნაურია „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები და რეკომენდაციები, რადგან უმრავლესობა მათგანი მიეკუთვნება საკანონმდებლო საკითხებს და სცილდება ცესკო-ს კომპეტენციას, ხოლო ნაწილი მათგანი უკვე საარჩევნო პრაქტიკაში დანერგილია და სრულდება კიდეც. ასევე გაურკვეველია, რა საჭიროებებს უკავშირდება ამ ორგანიზაციის ანგარიში, რადგან ეს ორგანიზაცია არ მუშაობს ექსპერტულად ფინანსურ საკითხებზე. რაც შეეხება შრომის ანაზღაურებაზე გამოთქმულ მოსაზრებებს, ეს პროცესი არის სრულიად გამჭვირვალე, კანონთან სრულ შესაბამისობაში და ინფორმაცია ნებისმიერი პირისთვის ხელმისაწვდომია. ორი წელია, საარჩევნო ადმინისტრაციაში პრემია არ გაცემულა, გაიცემა მხოლოდ დანამატი, ყველა თანამშრომელზე მხოლოდ საარჩევნო პერიოდში. კანონმდებლობის შესაბამისად, სარგო და დანამატი სხვადასხვა კატეგორიაა და არის კანონთან სრულ შესაბამისობაში“, – განაცხადა ოთარ ბუსკივაძემ.


