
„ემპათია“ რამიშვილსა და ცენტრის ექსპერტებზე ზეწოლის შესახებ იუწყება
28/07/2020 13:04:36 სამართალი
ცენტრ „ემპათიას“ იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი ლემონჯავას ცნობით, „უკანასკნელ დღეებში განსაკუთრებით გახშირდა მუქარისა და ზეწოლის ფაქტები ცენტრ „ემპათიას“ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის გალინა კარმუშინას, უფლებადამცველ მიხეილ რამიშვილისა და ცენტრ „ემპათიას“ პრეზიდენტის მარიამ ჯიშკარიანის მიმართ".
მისი განმარტებით, ზეწოლა გულისხმობს უკანონო თვალთვალს, სატელეფონო ზარებსა და სოციალურ ქსელში ორგანიზებულ შეტევებს.
„ადვოკატ მიხეილ რამიშვილის სამუშაო ოფისთან მიმდინარეობს უკანონო თვალთვალი და ფოტო-ვიდეოგადაღება; სასამართლო სამედიცინო ექსპერტ გალინა კარმუშინას მიმართ ხორციელდება დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოქმედებები, როგორც უშუალოდ პირისპირი კომუნიკაციისას, ასევე სატელეფონო ზარების მეშვეობით. არასამთავრობო ორგანიზაცია „ემპათიასა“ და მისი პრეზიდენტის მიმართ ადგილი აქვს პროსახელისუფლებო ექსპერტების მიერ სატელევზიო ეთერების მეშვეობით თავდასხმებს, ყველა ზემოთხსენებული პირის მიმართ ადგილი აქვს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ასობით რეგისტრირებული მომხარებლის, „ტროლებისა“ და „ბოტების“ მიერ კოორდინებულ, არაავთენტურ ქცევას, რომლთა მიზანია ცენტრ „ემპათიას“ და ადვოკატ მიხეილ რამიშვილის პატივისა და ღირსების, პიროვნული და პროფესიული რეპუტაციის შელახვა, საზოგადოების თვალში მათი დისკრედიტაცია. ყოველივე ზემოთხსენებულზე დაყრდნობით გთხოვთ, გაატაროთ შესაბამისი ღონისძიებები, რათა შეწყდეს დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციასა და მის თანამშრომლებზე, ასევე ადვოკატ მიხეილ რამიშვილზე მიმდინარე ზეწოლა“, - განაცხადა ლემონჯავამ გამართულ ბრიფინგზე.
ცნობისთვის: მიხეილ რამიშვილი მათ შორის 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ინტერესებს წარმოადგენს, ამავე საქმეში ოჯახის მიერ ჩართულები არიან „ემპათიას“ ექსპერტები. აღნიშნულმა ექსპერტებმა საკუთარი კრიტიკული შენიშნვები დააფიქსირეს 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმის ირგვლივაც.
თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. თავდაპირველად საქმე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით აღიძრა, თუმცა მას დაემატა სსკ–ის 115-ე მუხლიც, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ბაჩალიაშვილის ოჯახის მოთხოვნაა, საქმეზე გამოძიება ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციამ აღარ აწარმოოს. გარდაცვლილის მამის განცხადებით, ცხედრის პოვნამდე მას ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილემ უთხრა, რომ თამარში „შარში იყო“. თავად ლადო ბაჭულაშვილი აღნიშნულს უარყოფს.