რიში: "სალომე ზურაბიშვილმა უნდა შეიწყალოს ბატონი რურუა"
30/07/2020 20:07:17 პოლიტიკა
აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში აცხადებს, რომ "მთავარი არხის" მეწილის გიორგი რურუასათვის გამოტანილი განაჩენით შეშფოთებულია. ამის შესახებ მან "ამერიკის ხმას" განუცხადა.
"მე ვრჩები ძალზედ შეშფოთებული დღეს ბატონი გორგი რურუას ფიქტიურ ბრალდებებზე გამოტანილი განაჩენის გამო. სასამართლო სისტემა არასდროს არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. არჩევნების მოახლობასთან ერთად, პოლიტიკური კლიმატის პოლარიზების შემცირების ინტერესიდან გამომდინარე, როგორც გიორგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევებში გააკეთა, სალომე ზურაბიშვილმა ასევე უნდა შეიწყალოს ბატონი რურუა.
მე ძალიან მახარებს ის, რომ საქართველოს საარჩევნო სისტემაში საჭირო ცვლილებები შეტანილ იქნა და მოველი, რომ ოქტომბერში თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ვიხილავ. თუმცა, არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი მხოლოდ იმ შემთხვეევაში იქნება, თუ პოლიტიკურ პარტიებს ექნებათ საშუალება თავისუფლად იმოქმედონ, პოლიტიკური დევნის შიშის გარეშე", - განაცხადა სენატორმა.
ცნობისთვის: თბილისის საქალაქო სასამართლომ "მთავარი არხის" მეწილე გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და 4–წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.


