
წულუკიანი: „სენატორის „ტვიტერი“ სვანეთში ჯერ არ ამოსულა“
31/07/2020 12:52:30 პოლიტიკა
ვფიქრობ, გიორგი რურუას საქმე არ არის გამონაკლისი იმ საქმეებისგან, რომლებიც საქართველოს სასამართლოებში თვეში ათეულობით გამოდის, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
მინისტრი სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მსჯავრდებულებს აპელაციის წესით სარგებლობას ურჩევს.
„კარგი იქნება თუ ამ პროცესების პოლიტიზება არ მოხდება და მხარეებს, მათ შორის რურუას, შეეძლება, თავისი არგუმენტებით თავისივე სიმართლე ამტკიცოს შემდგომ ისტანციაში“, – განაცხადა წულუკიანმა.
მინისტრს ჟურნალისტებმა სენატორ ჯიმ რიშისა და ევროპარლამენტარ ანრიუს კუბილიუსის განცხადებების შეფასება სთხოვეს.
„სენატორის ტვიტერი აქ, სვანეთში ჯერ არ ამოსულა, ამიტომ არ ვიცი – ეს ხუმრობით. რაც შეეხება ცოტა უფრო სერიოზულად, ეს არის ლობიზმი და ლობიზმის გამოვლინება, ლობიზმი ვინც იცის რაც არის, ის ხვდება, რაც ხდება. მე კი ვიტყოდი, რომ სამწუხაროდ, ლობიზმი ისეთი ინსტიტუტია, რომელიც ხანდახან იძლევა საშუალებას, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ესა თუ ის კანონმდებელი, სენატორი იქნება, თუ კონგრესმენი შეყვანილი იქნეს შეცდომაში. რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტს, ის არის დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში და მე ვერ ვიქნები საქმის კურსში იმასთან დაკავშირებით, თუ რა გადაწყვეტილება შეიძლება ჰქონდეს მას მიღებული, ან საერთოდ გეგმავს თუ არა ამ ტიპის გადაწყვეტილების მიღებას“,– განაცხადა წულუკიანმა.