
„თუ „ქართული ოცნება“ იგივეს გაგვიკეთებს, ყუთებს თავზე დავალეწავ!“
31/07/2020 14:25:25 პოლიტიკა
„ერთიანი საქართველოს ლიდერი“ ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია თანხმდება, არჩევნებზე ერთმანეთის ხმები დაიცვას და ამ მიმართულებით უახლოეს დღეებში დეკლარაციის მიღებას გეგმავენ, რითაც როგორც ერთმანეთის, ისე ამომრჩევლის წინაშე ოფიციალურად აიღებენ პასუხისმგებლობას.
„მე, ნინო ბურჯანაძე, „ერთიანი საქართველოს ლიდერი“ ვაცხადებ, რომ თუ „ქართული ოცნება“ გაგვიკეთებს იგივეს მე და ჩემს თანაპარტიელებს, რაც 2016 წელს გაგვიკეთა – როდესაც გაგვიყალბა არჩევნები და პარლამენტს გარეთ დავტოვა, ძალიან ვწუხვარ ამას რომ ვამბობ, მაგრამ თავზე დავალეწავ ყუთებს! ვუზრუნველყოფ, რომ ეს ყუთები გაიხსნას – ეს არ იქნება მარტივი პროცესი და არც მარაოების ფრიალით, ღმერთმა დაგვიფაროს, არც – იარაღით და ცემა–ტყებით, მაგრამ ეს საკმაოდ მწვავე პროცესი იქნება. მივიღებ ნებისმიერ შედეგს, რომელიც იქნება სამართლიანი მიუხედავად იმისა, მომეწონება თუ არა. გაყალბებულ შედეგს აღარ ვაპატიე!, კმარა, რაც დაგვცინეს ნამდვილ ოპოზიციას და მოქალაქეებს!“,– განაცხადა ნინო ბურჯანაძემ „ფორმულას“ ეთერში.