
ადვოკატი ამბობს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ახალი მარშრუტი არსებობს
02/08/2020 12:15:31 სამართალი
23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, საქმეში ახალი მარშრუტი არსებობს და უნდა გადამოწმდეს.
ამასთან, როგორც მიხეილ რამიშვილმა საგამოძიებო უწყებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, ყველა ვერსიას არსებობის უფლება აქვს და გამოძიებამ რეაგირება უნდა მოახდინოს.
„ყველა ვერსიამ, რაც მედიაში გავრცელდა, უნდა იარსებოს და უნდა იყოს მომხდარი რეაგირება. ოჯახის პოზიციაა, რომ ბოლომდე იყოს გამოძიებული საქმე. შესაძლოა, თამარ ბაჩალიაშვილის ნერვიულობის ერთ-ერთი პირობა მისი პროფესიიდან გამომდინარე ყოფილიყო. შესაძლოა, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, ფაილებზე წვდომა ჰქონოდა. ამ ეტაპზე გამოძიება ამბობს, რომ ეცნობა საქმის მასალას, მიიღეს ორი დღის უკან და დიდია საქმის მასალა და ვერ მოასწრეს [კრიმინალურ პოლიციაში] გაცნობა. ამდენი ხანი როგორ ვერ მიაღწიეს ამ მასალის ამოღება. დრონის კადრებთან დაკავშირებით გადმოცემაზე პასუხი არის, რომ არკვევენ. თვითმკვლელობაზე იყო პოზიცია, რომ თვითმკვლელობა გამორიცხულია. ამაზე არ შეიძლება იყოს საუბარი ყველანაირი ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე [...].
გამოძიება უშვებს, რომ შეიძლება, სამსახურიდანაც მომდინარეობდეს, მაგრამ ეს არ არის საბოლოო მოტივაცია. ძალიან ვრცლად მიმდინარეობს. ახალი მარშუტი არსებობს, დღეს უნდა წავიდნენ. ეს მარშრუტი ჩემს მიერ იქნა მიწოდებული, რადგან არც ერთ შუამდგომლობაში არ არის ეს კამერები მითითებული, რომ იყოს ამოღებული. უნდა მოხდეს ამოღება და გადამოწმება, ხომ არ იყო ამ ლოკაციაზე. ყველა ვერსია შესაძლებელია, რადგან ეს არ არის ჩვეულებრივი მომენტი, რომ ახალგაზრდა გოგო ამხელა გზაზე ძალინ გაურკვეველ სიტუაციაში გადაადგილდებოდეს, ასე იცვლიდეს ლოკაციებს. შუამდგომლობები არის ჩემი მხრიდან უამრავი, მათ შორის უამრავ კადრებთან დაკავშირებით, ასევე დრონის კადრებთან დაკავშირებით. მოთხოვნილია ჩემს მიერ კომპლექსური კომისიური ექსპერტიზა. დღეს იყო დაპირება, ბოლო შეთანხმება, რომ არანაირად არ უნდა მოხდეს მხოლოდ სიტყვებით ჰაერში დაპირებები და ცრუ ქმედებების განხორციელება, უნდა იყოს რეალური ქმედებები“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. თავდაპირველად საქმე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით აღიძრა, თუმცა არსებულ ბრალდების კვალიფიკაციას 115-ე მუხლიც დაემატა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ცნობილი იყო, რომ კამერებმა ბოლოს ახალგაზრდა ქალის მანქანა ხაიშში დააფიქსირეს. ამ დროისთვის ცნობილია, რომ ბაჩალიაშვილი დაახლოებით, დღის 12:00 საათამდე სოფელ გოლთეთში ნახეს, ხოლო დღის მეორე ნახევარში – საღამოსკენ სოფელ მაწევანში, რომელიც გოლთეთიდან რამდენიმე წუთის სავალზეა.
იხილეთ ასევე: დედა ახალ მნიშვნელოვან გარემოებებზე საუბრობს