Accentnews.ge
კვლევა: 21 დეპუტატი, რომლებსაც საპარლამენტო ტრიბუნა ერთხელაც არ გამოუყენებიათ

კვლევა: 21 დეპუტატი, რომლებსაც საპარლამენტო ტრიბუნა ერთხელაც არ გამოუყენებიათ

03/08/2020 07:32:02 პოლიტიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლებით 21 დეპუტატს ერთხელაც არ უსარგებლია.

ორგანიზაციის კვლევის თანახმად, რომელშიც 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაა შეფასებული, დეპუტატების უმრავლესობა, რომლებსაც საპარლამენტო ტრიბუნა ერთხელაც არ გამოუყენებია, „ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატები არიან.

„მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა სიტყვით გამომსვლელი დეპუტატების რაოდენობა, კვლავ პრობლემად რჩება დეპუტატების აქტივობა, რომლებიც საერთოდ არ სარგებლობენ ამ უფლებით, კერძოდ საანგარიშო პერიოდში სიტყვით გამოსვლის უფლებით საერთოდ არ უსარგებლია 21 დეპუტატს, ესენია: ირაკლი აბუსერიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი), ლევან ბეჟანიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი), რუსლან გაჯიევი (უმრავლესობა, მაჟორიტარი), მახირ დარზიევი (უმრავლესობა), მუხრან ვახტანგაძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი), ზაზა კედელაშვილი („ევროპული საქართველო”), თეიმურაზ კოხრეიძე (უმრავლესობა), იოსებ მაკრახიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი), სამველ მანუკიანი (უმრავლესობა), ენზელ მკოიანი (უმრავლესობა, მაჟორიტარი), გიორგი მოსიძე (დამოუკიდებელი წევრი, მაჟორიტარი), რომან მუჩიაშვილი (უმრავლესობა, მაჟორიტარი), რამაზ ნიკოლაიშვილი (დამოუკიდებელი წევრი), რუსლან პოღოსიანი (უმრავლესობა), დიმიტრი სამხარაძე (უმრავლესობა), ერეკლე ტრიპოლსკი (უმრავლესობა), გოდერძი ჩანქსელიანი (უმრავლესობა, მაჟორიტარი), არჩილ ხაბაძე (უმრავლესობა), ირაკლი ხახუბია (უმრავლესობა, მაჟორიტარი), ელგუჯა გოცირიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი), ვიქტორ ჯაფარიძე (უმრავლესობა)”, - აღნიშნულია კვლევაში.

რაც შეეხება 2019 წლის განმავლობაში ჩართულობის კუთხით პარლამენტის ყველაზე აქტიურ წევრს, ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, ყველაზე მეტი კანონპროექტის ინიციატორია რატი იონათამიშვილი.

„პლენარული სხდომის ყველაზე აქტიური მონაწილეა საპარლამენტო უმრავლესობიდან - ანრი ოხანაშვილი, პლენარული სხდომის ყველაზე აქტიური მონაწილე უმრავლესობის გარეთ არსებული ფრაქციებიდან (ოპოზიცია) - ეკა ბესელია, ყველაზე მეტი სადეპუტატო კითხვის ავტორი- სერგი კაპანაძე, ყველაზე აქტიური კომიტეტი - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი“, - ნათქვამია კვლევაში.

კვლევის მიხედვით, გასულ წელს 46-ჯერ დაიბარეს ანგარიშვალდებული პირები, მათგან 21 შემთხვევაში თანამდებობის პირი არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო კომიტეტის სხდომას.

„2019 წელი პოლიტიკურად აქტიური და დაძაბული იყო. წლის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, რამაც საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვია, საპარლამენტო საქმიანობა კი აქციების ფონზე მიმდინარეობდა. პოლიტიკური დაპირისპირებების მიზეზით ცვლილებები საპარლამენტო შემადგენლობამაც განიცადა, დეპუტატების ნაწილმა უმრავლესობა დატოვა, რამაც რეგლამენტის შესაბამისად უმცირესობის დაშლა გამოიწვია. გარდა ამისა, საპარლამენტო ოპოზიციამ საშემოდგომო სესიის ფარგლებში აქტიურად გამოიყენა ბოიკოტის მექანიზმი. ყველაფერმა ამან, გავლენა მოახდინა საკანონმდებლო ორგანოს ნორმალურ ფუნქციორებასა და საქმიანობის განხორციელებაზე.

საანგარიშო პერიოდში შემდეგი პოზიტიური ტენდენციები გამოიკვეთა: გაიზარდა დეპუტატების მიერ ინიციატივების წარდგენის მაჩვენებლები - 2019 წელს 118-მა პარლამენტის წევრმა ისარგებლა საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით, (2018 წელს ეს მაჩვენებელი 93 იყო);

შემცირდა დაჩქარებული წესით განსახილველი ინიციატივების რაოდენობა; კომიტეტების სამოქმედო გეგმები და ანგარიშები, მეტწილად, სისტემატიზებული და ერთიანი სტანდარტით მუშავდება და ქვეყნდება ვებგვერდზე; კანონპროექტებზე, დეპუტატებისა და კომიტეტების მხრიდან, უფრო მეტი შენიშვნა გამოითქვა.

ახალმა რეგლამენტმა დადებითი გავლენა მოახდინა საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერებაზე, შეიქმნა ახალი ინსტრუმენტები და გაუმჯობესდა არსებული; ამოქმედდა საპარლამენტო კონტროლის ახალი მექანიზმები - ინტერპელაცია და „მინისტრის საათი“, მთავრობის წევრები აქტიურად ესწრებოდნენ პლენარულ სხდომებს და პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს: 5-ჯერ ინტერპელაცია, ხოლო „მინისტრის საათი“ 9-ჯერ ჩატარდა. ინტერპელაციაზე ყველაზე მეტჯერ პრემიერ-მინისტრი წარსდგა პარლამენტის წინაშე; წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა სადეპუტატო კითხვის გამოყენება, 2019 წელს პარლამენტის 41-მა წევრმა გაუგზავნა 925 წერილობითი კითხვა აღმასრულებელ ხელისუფლებას და სხვა ანაგრიშვალდებულ პირებს; არსებითად გაუმჯობესდა და ქმედითი გახდა ფრაქციების მიერ თანამდებობის პირთა დაბარების მექანიზმი, თუმცა რჩება პრობლემებიც. 2019 წელს, 46-ჯერ დაიბარეს ანგარიშვალდებული პირები, მათგან 21 შემთხვევაში თანამდებობის პირი არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო კომიტეტის სხდომას; 21 თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიქმნა, რომლებიც ამზადებენ ანგარიშებსა და რეკომენდაციებს”,- ნათქვამია კვლევაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S