ჰერალდიკის საბჭო – პრეზიდენტის დროშაზე: "პროცესი დაცლილია პოლიტიკური შემადგენლისგან"
03/08/2020 12:00:04 პოლიტიკა
ჰერალდიკის საბჭო საქართველოს პრეზიდენტის დროშასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საბჭომ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, დროშის სამი ნიმუში მოამზადა, ამ სამი ნიმუშიდან პრეზიდენტის მიერ შერჩეული იქნა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის შტანდარტის საფუძველზე შედგენილი საპრეზიდენტო დროშის ნიმუში, თეთრ ველზე გამოსახული მცირე საქართველოს სახელმწიფო გერბით, რომელსაც „შემოვლებული აქვს წითელი არშია წითელი კუწუბებით შიგნიდა მხრიდან“.
საბჭო განცხადებაში ასევე განმარტავს, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ გააჩნდა დამტკიცებული შტანდარტი, შესაბამისად სხვადასხვა დროს სხვადასხვა შტანდარტი გამოიყენებოდა.
განცხადების თანახმად, ყველა სახელმწიფო და სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო წარმოადგენს არა პოლიტიკური კუთვნილების, არამედ სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების სიმბოლურ გამოსახულებებს. საბჭოს განმარტებით, პროცესი მხოლოდ სახელმწიფოს ინსტიტუტების ინსტიტუციურ განმტკიცებას ემსახურება.
„კანონის დამავალდებულებელი ნორმა 2022 წლის 1 იანვრამდე ითვალისწინებს უმეტესი სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს რაოდენობრივ შეზღუდვას, ხარისხობრივ დახვეწას, რომ სახელმწიფო და სახელმწიფო მნიშვნელობის ერთიანი სისტემა არ იყოს ეკლექტური სახის, არ გაგრძელდეს დაუსაბუთებელი, ძირითადად პიროვნული გემოვნების საფუძველზე სიმბოლოების მხატვრულ-შინაარსობრივი ცვლილება, სახელმწიფო და უწყებრივი ჯილდოების არამიზნობრივი გაცემა და შესაბამისად გაუფასურება.
პროცესი დაცლილია პოლიტიკური შემადგენლისგან და ემსახურება მხოლოდ სახელმწიფოს ინსტიტუციონალურ გამტკიცებას, ამიტომ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო იმედოვნებს, რომ იგი გაგრძელდება და წარიმართება საერთო პოლიტიკური და საზოგადოებრივი თანხმობის პირობებში“,-ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, 31 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა ახალი საპრეზიდენტო დროშა დაამტკიცა.
"საქართველოს პრეზიდენტის დროშა არის კვადრატული ფორმის თეთრი ალამი. ალმის შუაგულში მოთავსებულია საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის ფარი, რომლის მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვრით დაბოლოებული ვერცხლის შუბით ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი ვერცხლის მხედარი - წმინდა გიორგი ოქროს შარავანდედით. საქართველოს პრეზიდენტის დროშას შემოვლებული აქვს წითელი არშია წითელი კუწუბებით შიგნითა მხრიდან", - წერია პრეზიდენტის ბრძანებულების დანართში.


