
ომბუდსმენი: "მოვუწოდებ ხელისუფლებას, გადაიდგას ადეკვატური ნაბიჯები"
20/06/2019 19:51:05 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საზოგადოება
პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეხმიანება და აცხადებს, რომ პროტესტი სამართლიანია, თუმცა ძალადობა – მიუღებელი.
"საზოგადოების პროტესტი და მღელვარება სამართლიანია, მაგრამ ძალადობა მიუღებელია! შევახსენებ აქციის მონაწილეებს, რომ აქციის დროს ძალადობა ცდება შეკრების და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს! მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ გადაიდგას ადეკვატური ნაბიჯები და დროულად გამოიკვეთოს პასუხისმგებელი პირები, რათა ჩაცხრეს ემოციური ფონი და თავიდან იქნეს არიდებული დაპირისპირება!",– წერს სახალხო დამცველი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: პარლამენტის შენობასთან ვითარება მოულოდნელად დაიძაბა. ამ დროისთვის დაუდგენელი მიზეზით მშვიდო სიტუაცია უეცრად აფეთქდა და დემონსტრანტებმა ისევ სცადეს პარლამენტის შენობაში შესვლა. აღნიშნულს პოლიციასთან შეტაკება მოჰყვა.ამ დროისთვის ადგილზე ქაოსური ვითარებაა პარლამენტის შენობის მთელს პერიმეტრზე. პოლიცია ხელკეტების საშუალებით ცდილობენ აქციის მონაწილეების უკან დახევას და საწყისი პოზიციების დაკავებას.
დემონსტრაციის სიღრმეში რამდენიმე სპეცრაზმელი აღმოჩნდა, თუმცა აქციის მონაწილეებმა მათი უსაფრთხო ადგილზე გაყვანა შეძლეს და აღნიშნულს თავად დემონსტრატების მხრიდან აპლოდისმენტები მოხდა. ამისთვის აქციის მონაწილეებს სპეციალური დერეფანი აქვთ გაკეთებული.
ამ დროისთვის პარლამენტში იმყოფებიან შს მინისტრი, სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი და პრემიერ–მინისტრი. პარლამენტში იკრიბებიან დეპუტატებიც. შს მინისტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას. პარლამენტის შიდა ტერიტორია მთლიანად დაკავებული აქვთ პოლიციელებს.