ჩუგოშვილი – ბაჩალიაშვილებზე: „ერთი უბედურება შვილის დაკარგვაა, მერე –საკუთარი ქვეყნის იმედი რომ არ გაქვს“
04/08/2020 13:28:18 პოლიტიკა
"ერთი უბედურება შვილის დაკარგვაა, მერე კი საკუთარი ქვეყნის იმედი რომ არ გაქვს და გასაჭირში ჩავარდნისას იძულებული ხარ, სხვაგან ეძებო შველა", - ამ კომენტარით გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის მიერ საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან გამართულ აქციას და გამოძიების პროცესში აშშ-ის ფედერალური ბიუროს ჩართვის მოთხოვნას "ფეისბუქის" პირად გვერდზე დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი ეხმიანება.
„მერამდენე საქმეა, სადაც დაგვიანებული რეაგირების, არაკომპეტენტურობის, შეცდომების და დარღვევების გამო ადამიანებმა სისტემის ყველანაირი ნდობა დაკარგეს.
გამომძიებლობა და პროკურორობა იარაღის ტარების უფლება და დანარჩენებზე ზემოდან ყურება არაა. ვინმე გრძნობს საერთოდ პასუხისმგებლობას?“, - წერს „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი.
4 აგვისტოს თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გამოძიების საქმეში აშშ-ის ფედერალური ბიუროს ჩართვის მოთხოვნით საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან გარდაცვლილი პროგრამისტის ოჯახის ინიციატივით აქცია გაიმართა. აქციის შემდეგ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები შეხვდნენ. მათ ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების გამო, მოისმინეს მათი მოთხოვნები და აუხსნეს პროცედურები, რომლებიც გამოძიების პროცესში ფედერალური ბიუროს ჩართვას შეეხება. კერძოდ, საელჩოს წარმომადგენლებმა ოჯახს განუმარტეს, რომ მოთხოვნა აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ჩართულობის შესახებ სახელმწიფოსგან უნდა მოდიოდეს, რომ ფედერალურ ბიუროს არ აქვს უფლებამოსილება პროცესში კერძო პირის მოთხოვნის საფუძველზე ჩაერთოს. ოჯახი გენერალური პროკურატურისგან შესაბამის ნაბიჯების გადადგმას ითხოვს.
23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. 22 ივლისს მისი ცხედარი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით, ტყის პირას, ავტომობილში ნახეს. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, 24 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც. ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს.


